წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ყაზახური ნავთობის მიწოდება 1.6 მლნ ტონას მიაღწევს. ამის შესახებ ყაზახური ნავთობისა და გაზის კომპანია KazMunayGas-ის (KMG) პრესსამსახურის განცხადებაში წერია, რასაც Report ავრცელებს.
2025 წლის ბოლოსთვის ამ მარშრუტით 1.3 მლნ ტონა, ხოლო 2024 წელს, დაახლოებით, 1.4 მლნ ტონა ყაზახური ნავთობი იქნა გადაზიდული.
მხოლოდ დეკემბერში ყაზახეთმა კასპიის მილსადენების კონსორციუმის რუსულ მარშრუტზე შეზღუდვების გამო ალტერნატიული საექსპორტო მარშრუტებით, დაახლოებით, 300 000 ტონა ნავთობი გადაქაჩა.
ყაზახი პოლიტოლოგი, ასკარ ჯაპაროვი Report-თან ინტერვიუს დროს აცხადებს, რომ ნავთობექსპორტის ალტერნატიული მარშრუტები, ძირითადად, ბთჯ-ის მილსადენსა და ტრანსკასპიურ ლოგისტიკურ ჯაჭვს მოიცავს, რაც ყაზახეთისთვის კასპიის მილსადენების კონსორციუმის ინფრასტრუქტურის დაუცველობის ფონზე სტრატეგიულ დაზღვევად იქცევა.
მისი თქმით, ეს ალტერნატიული მარშრუტის ერთჯერადი გამოყენება კი არა, არამედ ნავთობექსპორტის მოდელის მდგრადობის სისტემური ზრდაა, რაც რუსული მარშრუტის ინფრასტრუქტურაზე უკრაინული დრონების თავდასხმებმა განაპირობა.
ექსპერტის შეფასებით, „ბაქო ყაზახეთისთის ალტერნატიული მიწოდების არქიტექტურის ცენტრალური რგოლია, რადგან მის ტერიტორიაზე საიმედო, პოლიტიკურად პროგნოზირებადი და ტექნოლოგიურად დამუშავებული ბთჯ-ის მილსადენი გადის.”
“ეს მარშრუტი არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ ალტერნატივად იქცა,“ - ამბობს ჯაპაროვი.
მისი თქმით, „მდგრადი ალტერნატივის არსებობა, მაშინაც კი, თუ მისი მოცულობები ამჟამად შეზღუდულია, ბალანსს უკვე ცვლის. ეს არის სიგნალი ბაზრისა და პარტნიორებისთვის, რომ ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი ერთი მარშრუტის ან ერთი პოლიტიკური ფაქტორის მძევალი არ არის.“
“სტრატეგიული ვექტორი უკვე განსაზღვრულია. ტრანსკასპიური მარშრუტის, ანუ შუა დერეფნის აზერბაიჯანის გავლით გაფართოება არ არის კრიზისის მოკლევადიანი პასუხი, არამედ გრძელვადიანი ვალდებულებაა ყაზახეთის ენერგორესურსების ექსპორტის პოლიტიკის დივერსიფიკაციისა და გაძლიერებისკენ,“ - დასძენს პოლიტოლოგი.
ცნობისთვის: 13 იანვარს, რუსეთის ნოვოროსიისკის პორტში, კასპიის მილსადენის კონსორციუმის ტერმინალში ჩატვირთვის მოლოდინში მყოფ სამ ნავთობტანკერს უკრაინული დრონები თავს დაესხნენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ