სტეფანწმინდის ცენტრის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ამ ეტაპზე დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ცენტრალური მოედნისა და მწერლის ძეგლის რეაბილიტაცია იგეგმება.
არქიტექტურული კონცეფციის შესამუშავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ფარგლებში ორი საკონკურსო წინადადებაა წარმოდგენილი. პროექტების ავტორები დავით ვაშაკიძე და ნიკო მარსაგიშვილი არიან.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სტეფანწმინდის ცენტრალური ზონის განვითარება მუნიციპალიტეტისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ამიტომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
„თითოეული მოქალაქის უკუკავშირი მნიშვნელოვანია, რათა შეირჩეს ისეთი არქიტექტურული გადაწყვეტა, რომელიც ღირსეულად წარმოაჩენს ალექსანდრე ყაზბეგის სახელსა და მემკვიდრეობას, შეინარჩუნებს ადგილის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას და ამავდროულად შექმნის თანამედროვე, ფუნქციურ და მიმზიდველ საზოგადოებრივ სივრცეს“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, მომდევნო ეტაპზე გამარჯვებული საკონკურსო წინადადების საფუძველზე სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადდება.





