საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს - ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

„სამუშაოებს ადგილზე გაეცნო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა რეზერვუარი, სატუმბო სადგური, წყალმომარაგების ქსელი - 71კმ, აღრიცხვის კვანძები, საქლორატორო. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ექვს ჭაბურღილს. სამშენებლო სამუშაოების 86% დასრულებულია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 27 მილიონ ლარზე მეტია.

სოფელ გეგუთში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არასდროს ყოფილა, მოსახლეობის უმრავლესობა თვითნებურად მოწყობილი ჭებით სარგებლობს.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ 4 000 - მდე ბენეფიციარი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

შეხვედრა გაიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაშიც. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, დავით კვინიკაძემ და წყალტუბოს მერმა, გენადი ბალანჩივაძემ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს“ - ნათქვამია ინფორმაციაში.