ნატოში არ განიხილება რუსეთის მოთხოვნები, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა წერილობითი გარანტიები წარმოადგინოს იმის შესახებ, რომ ნატო აღმოსავლეთი საზღვრებს არ გააფართოვებს.

ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ანონიმურობის პირობით განუცხადა ნატოს რამდენიმე ინფორმირებულმა თანამშრომელმა და დიპლომატმა, რომლებსაც ოფიციალურად არ აქვთ მედიასთან კომუნიკაციის უფლებამოსილება.

რადიო თავისუფლების წყაროებმა აღნიშნეს, რომ ნატოს გაფართოებაზე პოტენციური უარის თემა ალიანსის ფარგლებში არც ერთ ბოლო ან უფრო ადრეულ ოფიციალურ შეხვედრაზე არ განხილულა.

„შესაძლოა, ეს მხოლოდ აკადემიური დისკუსიაა“, - აღნიშნა რადიო „თავისუფლების“ ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ და გაიხსენა, რომ ნატოს შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე მიიღება.

ნატო-ს გაფართოების გარანტიების შესახებ რუსეთის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობაზე საუბრისას კი რადიო „თავისუფლების“ კიდევ ერთმა წყარომ აღნიშნა:

გაფართოების შესახებ წერილობითი ვალდებულება „არ არის ის, რისი მიღებაც მათ [რუსებს - რედ.] ადვილად შეუძლიათ“, ვინაიდან უფლება, თავისუფლად განსაზღვრო, რომელ გაერთიანებაში გაწევრიანებას აპირებ, არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.

28 მაისს, „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში ომის დასრულების პირობები მოიცავდა დასავლელი ლიდერების მხრიდან წერილობითი ვალდებულების მოთხოვნას ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოების შეჩერების შესახებ.

ამ ცნობის საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგმა, განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აღიარებს რუსეთის შეშფოთების საფუძვლიანობას ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოებასთან დაკავშირებით და მზადაა, ეს საკითხი მოსკოვთან განიხილოს.

2019 წელს უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის სრულუფლებიანი წევრობის კურსს. შესაბამისი ცვლილებები შევიდა კონსტიტუციაში, რომლის შეცვლაც საომარი მდგომარეობის დროს აკრძალულია.

წყარო: "რადიო თავისუფლება"