უკრაინისა და ტაივანის საკითხის ერთმანეთთან შედარებას ჩინეთი ორმაგ სტანდარტს უწოდებს. ამის შესახებ სინგაპურში ჩინეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული.

ჩინეთის საელჩო წერს, რომ ტაივანის საკითხის უკრაინის საკითხთან შედარება მიუღებელია.

„ისინი ბუნებით განსხვავდებიან და საერთოდ შედარებადი არ არის. ვინმე თუ ორმაგი სტანდარტის ორმაგი სტანდარტით გმობას შეეცდება, ერთადერთი შედეგი, რასაც მივიღებთ, ისევ ორმაგი სტანდარტი იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჩინეთის საელჩოს პოსტში ემანუელ მაკრონი პირდაპირ არ არის ნახსენები, თუმცა ტექსტს თან ერთვის საფრანგეთის პრეზიდენტის ფოტო, სადაც ის „შანგრი-ლა დიალოგის“ უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოდის სიტყვით.

ცნობისთვის, „შანგრი-ლა დიალოგის“ უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თუ რუსეთს უკრაინის ნებისმიერი ნაწილის თავისუფლად მიტაცების უფლება მიეცემა, მაშინ „რა შეიძლება მოხდეს ტაივანში?“