აზერბაიჯანსა და საქართველოზე გამავალი ტვირთის გადაზიდვის ახალი ხაზის ფარგლებში ჩინეთის კიდევ ერთი რაიონიდან პირველი მატარებელი გავიდა, რომელიც ავტონაწილებითა და მექანიკური აღჭურვილობით დატვირთული 104 სტანდარტული კონტეინერისგან შედგება. ტვირთის ღირებულება 15 მლნ იუანზე, ანუ, დაახლოებით 2.093 მლნ დოლარზე მეტია.
ინფორმაციას Report ჩინეთის რკინიგზის სახელმწიფო კორპორაციის პეკინის ფილიალზე დაყრდნობით ავრცელებს.
მატარებელი 30 ივნისს პეკინის ფანშანის რაიონში მდებარე სადგურიდან გავიდა და სინძზიან-უიგურის ავტონომიური რეგიონის ხორგოსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით კასპიის ზღვაში ყაზახეთის პორტ აქტაუსკენ მიემართება. შემდეგ ტვირთი ზღვით აზერბაიჯანის ალიათის პორტში შევა და რკინიგზით ბაქოში გადაიგზავნება. ბაქოში ჩასვლის შემდეგ კონტეინერების ნაწილი საქართველოში, თურქეთში, სერბეთსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში გადამისამართდება.
მარშრუტი მულტიმოდალური სქემით, „რკინიგზა-ზღვა-რკინიგზით“ რეალიზდება. საერთო სიგრძე 8000 კმ-ს აღემატება, ხოლო მიწოდების დრო, დაახლოებით, 15 დღეს შეადგენს.
ფანშანის საერთაშორისო სახმელეთო პორტების მმართველი კომპანიის გენერალურ დირექტორ ვან ჩუანმენის თქმით, მარშრუტი შუა დერეფნის ნაწილია, რომელიც ჩინეთ-ევროპის გლობალური სატრანსპორტო ქსელის სამხრეთ განშტოებას წარმოადგენს.
„მულტიმოდალური პრინციპის გამოყენება საშუალებას გვაძლევს, მიწოდების დრო, ტრადიციულ საზღვაო ლოგისტიკასთან შედარებით, მნიშვნელოვნად შევამციროთ და გეოგრაფია გავაფართოვოთ კასპიის რეგიონის, შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აუზების, ასევე, ცენტრალურ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების დაფარვით,” - აცხადებს ჩუანმენი.
თავის მხრივ, ჩინეთის რკინიგზის სახელმწიფო კორპორაცია აღნიშნავს, რომ ახალი მარშრუტის გაშვება პეკინისა და მიმდებარე რეგიონების საწარმოებისთვის მოსახერხებელ და ეფექტურ ლოგისტიკურ არხს ქმნის. უწყების შეფასებით, ეს ლოგისტიკურ ხარჯს შეამცირებს, ექსპორტის პოტენციალს გაზრდის და ჩინეთსა და რეგიონის ქვეყნებს შორის, მათ შორის, საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს გააძლიერებს.
აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ საქართველოსკენ, როგორც საბოლოო დანიშნულების ქვეყნისკენ კიდევ ერთი ჩინური მატარებელი, China-Europe Express კოვიდპანდემიის გავრცელების ქალაქ უხანიდან, ასევე, პირველად გამოვიდა. კერძოდ, თბილისისა და ფოთის პორტის მიმართულებით მატარებლის ტვირთი 14.82 მლნ იუანზე, ანუ დაახლოებით, 2.06 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელს, მათ შორის, მსუბუქ მექანიკურ აღჭურვილობას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და სამშენებლო მასალებს შეადგენდა. მგზავრობას, დაახლოებით, 18 დღე დასჭირდა. ესეც ახალი მარშრუტია, რომლითაც ჩინეთის პროვინცია ხუბეი შუა დერეფანში ჩაერთო. უხანიდან საქართველოში საქონლის ტრანსპორტირება, ასევე, მულტიმოდალური „რკინიგზა-ზღვა-რკინიგზის“ სქემით განხორციელდა.
ცნობისთვის: ყაზახეთის რკინიგზის მონაცემებით, წელს ჩინეთიდან შუა დერეფნის გასწვრივ, დაახლოებით, 600 საკონტეინერო მატარებლის გამგზავრება არის დაგეგმილი. ჩინეთიდან შუა დერეფნით, ანუ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) კონტეინერების ტრანზიტი 2024 წელს ქალაქ სიანში ყაზახეთ-ჩინური ტერმინალის გახსნით საგრძნობლად გაიზარდა. კერძოდ, წინა წლის შედეგებით, ჩინეთიდან TITR-ის გასწვრივ 358 საკონტეინერო მატარებელი გაიგზავნა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 33-ჯერ მეტია.
ზოგადად, TITR-ის სარკინიგზო სეგმენტის ამჟამინდელი გამტარუნარიანობა წელიწადში 6 მლნ ტონა ტვირთს შეადგენს. მთელი შუა დერეფნის გასწვრივ სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების გზით ამ მაჩვენებლის გაზრდა წელიწადში 10 მლნ ტონამდე არის დაგეგმილი.
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაცემებით, შუა დერეფნის მხოლოდ რკინიგზის კომპონენტს 75 მლრდ დოლარის წლიური სავაჭრო ბრუნვის პოტენციალი აქვს.