თბილისში, აგლაძის ქუჩაზე, „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარედ 86 093 კვ.მ. ტერიტორიაზე შპს „საქინვესტი” 20-მდე მრავალსართულიანი შენობის აშენებას გეგმავს. კომპანია თბილისის მერიასთან განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებას ათანხმებს.
გრგ-ს პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე იგეგმება სავარაუდოდ 20 შენობის განთავსება, რომელთაგან ნაწილი იქნება პერიმეტრული განაშენიანების ტიპი, ხოლო ნაწილი - მაღლივი შენობები. მაქსიმალური სართულიანობა სავარაუდოდ 21 მიწისზედა სართული იქნება.
„საპროექტოდ დაგეგმილია ტერიტორიის სრულად განვითარება საცხოვრებელი ზონა 6-ის ფუნქციით, ზონის შესაბამისი კოეფიციენტებით : კ1 - 0.5 კ2 - 2.5 კ3 - 0.3.
ტერიტორიაზე იგეგმება სავარაუდოდ 20 შენობის განთავსება. მათგან ნაწილი იქნება პერიმეტრული განაშენიანების ტიპი, ხოლო ნაწილი - მაღლივი შენობები. მაქსიმალური სართულიანობა სავარაუდოდ იქნება 21 მიწისზედა სართული. ზემოაღნიშნული პერიმეტრული შენობები იქნება 6 მიწისზედა სართული. საპროექტოდ ტერიტორიაზე მოეწყობა ცენტრალური სკვერი, რომელიც სავარაუდოდ იქნება 7000 კვ.მ ფართობის. ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია საფეხმავლო ბულვარის მოწყობა, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადაკვეთს მთელ არეალს. საპროექტოდ ყველა ავტოსადგომი მოეწყობა მიწისქვეშ“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
შპს „საქინვესტი”-ის დირექტორი ალექსანდრე ნარსიაა, ხოლო კომპანიის 50%-50%-ს შპს GARDABANI HOLDINGS PP B.V (ნიდერლანდები) და შპს „ბარგუზინო ენერჯი თრეიდინგ ლიმიტედი“ (კვიპროსი) ფლობენ. თავის მხრივ შპს GARDABANI HOLDINGS PP B.V-ი 2023 წლის მონაცემებით, რუსული Интер РАО-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენდა, რომლის საქმიანობაც ორ ქართულ ჰიდროელექტროსადგურს, ხრამი-1-ს და ხრამი-2-ს უკავშირდება.