„ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსი გულისხმობს ისეთი პროექტის მომზადებას, რომელიც შემდგომში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, განმეორებადი მოდელის სახით იქნება გამოყენებული“ – ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
„მრავალფუნქციური კომპლექსი გააერთიანებს სპორტულ, საგანმანათლებლო და კულტურულ - შემეცნებით ინფრასტრუქტურას.
პროექტის მიხედვით კომპლექსში უნდა დაიგეგმოს დიდი საცურაო აუზი -არანაკლებ 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით, საბავშვო აუზი, გასახდელები, საშხაპეები, მწვრთნელების, მსაჯების, სამედიცინო პერსონალის ოთახები. ასევე, ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, MMA-ს და ძალოსნობის სპეციალიზებული დარბაზები.
გარდა ამისა, უნდა მოწეყოს ჭადრაკის, მაგიდის ჩოგბურთის, სპორტული ტანვარჯიშის, კარატეს, ფარიკაობის, პნევმატური ტირის და კიბერსპორტის (eSports) სივრცეები .
პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს დახურულ მინი საფეხბურთო დარბაზის, 100 მაყურებელზე გათვლილი ღია ხელოვნურ საფარიან საფეხბურთო მოედნის და გასახდელების, სამოყვარულო სპორტული ცოცვის კედლის, ჩოგბურთის ორი ღია და ერთი დახურული ტიპის კორტის, პადელისა და ქვიშის ფრენბურთის მოედნების მოწყობა.
მრავალფუნქციური კომპლექსის კულტურულ-შემეცნებითი ცენტრი უნდა მოიცავდეს მედიათეკა-ბიბლიოთეკას, სხვადასხვა ღონისძიებებისათვის განკუთვნილ სივრცეებს და ადმინისტრაციულ ბლოკს.
შენობა-ნაგებობების გარდა, საპროექტო ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ავტოსადგომი, საფეხმავლო ბილიკები, განათების და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები.
რუსთავში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის სპორტული და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდების ჩართულობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.