თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი კერძო პარტნიორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ გამოაცხადა. თუმცა ერთი წლის შემდეგაც, ჯერ კიდევ არაა გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს ხელისუფლებასა და კონსორციუმს შორის.

უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მიმდინარე წლის 8 აპრილს თქვა, რომ „შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და პროცესი ჯერ არ დასრულებულა“.

რა ინტერესები აქვს შავ ზღვაზე ჩინეთს, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორ აისახება ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე თუ ჩინურ-სინგაპურულ სახელმწიფო კომპანიას გაუფორმებს საქართველოს ხელისუფლება ხელშეკრულებას?

რა საფრთხეს უქმნის შავი ზღვის უსაფრთხოებას რუსეთის მცდელობა, ანაკლიიდან დაახლოებით 40 კილომეტრით მდებარე ოჩამჩირის პორტში მრავალფუნქციური ლოჯისტიკური ჰაბი გააკეთოს და რამდენად აზიანებს ოკუპანტი ქვეყნის ინტერესები ანაკლიის პორტის პროექტს?

„ბათუმელები“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარეს, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს ესაუბრა. თინა ხიდაშელი წლებია იკვლევს და აკვირდება ჩინეთის საქმიანობას საქართველოში.

  • ქალბატონო თინა, რა პოლიტიკური ინსტრუმენტია ანაკლიის პორტი რუსეთისთვის, ჩინეთისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისათვის?

რუსეთის შემთხვევაში ყველაზე მარტივია პასუხი. მისი ამოცანაა შავ ზღვაზე სრული დომინაცია შავი ზღვის იმ ადგილებში, სადაც საბჭოთა დომინაცია იყო. გასაგებია, რომ თურქეთს ის ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ ამოცანა მარტივია, რაც შეიძლება მინიმალიზება მოხდეს თურქეთის, როგორც ნატოს წევრი ქვეყნის დასავლური სამყაროს ინტერესების და შესაძლებლობების გაფართოების შავ ზღვაზე.

ყირიმის და აფხაზეთის ოკუპაციის ფონზე, რა თქმა უნდა, მათი მადა კიდევ უფრო გაზრდილია.

ამიტომ აქ ერთმნიშვნელოვანი ინტერესია.

ამასობაში ძალიან კარგად ხვდებიან რუსები, რომ საქართველოში ჯერ კიდევ დიდი ხანი არ იქნება ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ მათ მიანიჭებს რაიმე სახელობით უპირატესობას. ამიტომ, ეს უნდა მოხდეს შუამავლების საშუალებით.

როდესაც არჩევანი გასაკეთებელია, სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში ყველაზე უფრო მისაღები მოთამაშე რუსებისთვის არის სწორედ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

ჩინეთის ინტერესი არც თუ ისე რთულად დასანახია, მაშინ როცა „შუა დერეფნის“ პროექტი სულ უფრო და უფრო იკრეფს მომხრეებს და უფრო საინტერესო ხდება. „შუა დერეფნის“ დაგულება თავის გავლენის სფეროდ, რა თქმა უნდა, ჩინეთისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

ცენტრალურ აზიაში რუსეთის ინტერესების ეტაპობრივი ჩანაცვლების კვალობაზე, რასაც წარმატებით ახორციელებს ჩინეთი, კავკასია არის შემდეგი თუ პარალელური ეტაპი. ისინი საქართველოს უყურებენ სწორედ ამ დიდ კონტექსტში. საქართველოს მიმართ ცალკე აღებული რაიმე სპეციფიკური ინტერესი არ აქვს ჩინეთს, მაგრამ საქართველო საინტერესოა შავი ზღვით, როგორც კასპიის დიდი რეგიონის შემადგენელი ნაწილით და ამ გზაზე ერთგვარი ჩამკეტის როლით. შავი ზღვის აღმოსავლეთი მხარე იკეტება სწორედ საქართველოში. შესაბამისად, ნებისმიერი ტვირთის გადაადგილებისთვის ქართული პორტები არის ერთგვარი ბუნებრივი დასასრული, სანამ ისინი დასავლურ ბაზარს მიაღწევენ.

ანაკლიიდან კონსტანცაში ტრანსპორტის უზრუნველყოფა და იქიდან მერე დანარჩენ ევროპაზე გასვლა არის ის გზა, რომელიც შუა დერეფანმა უნდა გაიაროს. შესაბამისად, მანამ, სანამ ამ ქვეყანაში მათთვის სრულიად მეგობრული პოლიტიკა მიმდინარეობს, ჩინეთის ამოცანა იქნება ბოლომდე აითვისონ ეს შესაძლებლობა.

არავინ იცის ხვალ არჩევნები თუ ჩატარდა, როგორი ხელისუფლება მოვა ამ ქვეყანაში. იმედია, რომ უკან დაბრუნდება ამერიკულ-ევროპული ორიენტაცია, პრიორიტეტებიც შეიცვლება და დაბრუნდება ნორმალური განვითარების პროცესში.

ამ არალეგიტიმური ხელისუფლებისგან მაქსიმუმის მიღება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩინეთისთვის. ამიტომ არიან ისინი გააქტიურებული. არასოდეს, ამ წლების განმავლობაში, ჩინეთის საელჩო საქართველოში არ ყოფილა ისეთი აქტიური და პროაქტიული როგორიც ახლაა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ არის მომენტუმი შექმნილი, რომლითაც უნდათ ისარგებლონ, რომ მაქსიმალურად დაიგულონ თავისად ყველაფერი სტრატეგიული, რაც კი საქართველოდან შეიძლება მიიღონ და ეს არ არის მხოლოდ პორტი.

ეს არის ასევე ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელსაც ღარიბაშვილი თავისი პრემიერობის დროს დაჰპირდა ჩინელებს. რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელსაც ასევე შეჰპირდა მათ ღარიბაშვილი.

ამიტომ გაცილებით დიდია ეს სეგმენტი, ვიდრე მხოლოდ პორტი. თუმცა პორტი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

რაც შეეხება ამერიკელებს, მოდი დავარქვათ ამას დასავლეთი, ვგულისხმობ ევროკავშირს. როდესაც ვაჭრობაზე ვლაპარაკობთ, ვსაუბრობთ ჩინეთისა და დასავლეთის ვაჭრობაზე. ამიტომ აქ ორივე მხარე მნიშვნელოვანია, შავ ზღვაზე, განსაკუთრებით იმ კონკურენტულ პირობებში, რომელიც თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არის. მხოლოდ რუსეთში არაა საქმე. შავ ზღვაზე არის კონკურენცია თურქეთთანაც.

როდესაც ხარ ზე სახელმწიფო და გაქვს მსოფლიო სავაჭრო ბაზრებზე დომინაციის პრეტენზია, ნებისმიერი მსგავსი გასასვლელი, ჭიშკარი, რომელიც არსებობს, ვაჭრობისთვის, ეკონომიკური ურთიერთობებისთვის ყოველთვის საინტერესოა.

შავ ზღვაში კონკურენცია არ არის იმ მასშტაბის, როგორიცაა, მაგალითად, ხმელთაშუა ზღვაში ან ბალტიის ზღვაში, მაგრამ ეს კონკურენცია მაინც არსებობს.

შავი ზღვა საინტერესოა იმ პრობლემებით, რომელიც ამ გეოგრაფიულ არეალში არსებობს, განსაკუთრებით რუსეთის მიერ შექმნილი, მაგრამ არა ექსკლუზიურად რუსეთის გამო. ეს პრობლემები სძენს მას ერთგვარ მიმზიდველობასაც, რადგან რაღაც გამარჯვებები სტრატეგიულ გეოგრაფიებში დიდი სახელმწიფოებისათვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ხოლმე.

  • გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს დასავლეთის ინტერესი შავი ზღვისადმი, რამდენად შესაძლებელია დაუშვას დასავლეთმა, რომ ჩინეთის ხელში მოხვდეს ეს მნიშვნელოვანი ბერკეტი?

ტექნიკურად, პირდაპირი მნიშვნელობით, დასავლეთს ამას არავინ ეკითხება, საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას არჩევანი ჩრდილო-აღმოსავლეთით აქვს გაკეთებული და არა დასავლეთით, ამასთან დასჩემდათ ჯიბრზე მოქმედებები, შეიძლება უცებ აღმოვჩნდეთ ამ სამწუხარო რეალობის წინაშე. არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ.

მაგრამ სრულიად ცალსახაა ერთი რამ – 2024 წლის 28 მაისს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი გამოაცხადეს ერთადერთ დარჩენილ მოთამაშედ ანაკლიაში, იმის შემდეგ ერთი წელი გავიდა, მაგრამ ოფიციალური გამარჯვებული გამოვლენილი არ არის და ხელშეკრულება გაფორმებული არაა.

ხელისუფლება მუდმივად ანაცვლებს ვადებს – ჯერ იყო 2024 წლის ზაფხული, მერე თქვა ოქტომბერი, მერე 2025 წლის იანვარი, მერე მარტი და ახლა თქვეს, რომ უახლოეს მომავალში, ზაფხულში… ანუ კიდევ გადაიწია. ეს არის იმის დადასტურება, რომ გარკვეული მნიშვნელოვანი ბერკეტი დასავლეთს ჯერ კიდევ უჭირავს ხელში. მიუხედავად სრულიად შეცვლილი და შემობრუნებული საგარეო პოლიტიკური განაცხადისა, დე ფაქტო ხელისუფლება მაინც ხვდება, რომ ანაკლიის ჩინელებისთვის მიცემა იქნება ჩაჭრა, შემობრუნების, საერთოდ რაიმე შანსის გარეშე.

იმის მიუხედავად ისინი როგორ იქცევიან, რას ლაპარაკობენ, რა გადაწყვეტილებას იღებენ, სრულიად ერთმნიშვნელოვანია, რომ თუ შანსი დაინახეს, განსაკუთრებით ამერიკელებთან ურთიერთობის შემობრუნების, ისინი ამ შანსს ჩაეჭიდებიან. კარგად ხვდებიან, რომ ანაკლიის ჩინეთისთვის მიცემა საბოლოოდ ჩაჭრაა ამ შესაძლებლობის. და ეს არის ერთგვარი ბერკეტი, რომელიც გამოსაყენებელია იმისათვის, რომ უზარმაზარი გეოპოლიტიკური ფუნქციის დაკარგვის რისკის წინაშე არ აღმოჩნდეს ქვეყანა, როგორც „ქართული ოცნების“ დანატოვარი მემკვიდრეობის.

  • ანაკლიის პროექტში, კერძო პარტნიორის შესარჩევ კონკურსში, ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის უპირატეს მონაწილედ გამოცხადებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ პირველი ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა 8 აპრილს თქვა, რომ „შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და პროცესი ჯერ არ დასრულებულა“. ეს განცხადება რას ნიშნავს თქვენთვის?

ეს არის უკან დახევა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რაც მოჰყვა შედეგად იმ ძალიან ბევრ მცდელობას, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვახორციელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით, რომ როგორმე შევაყოვნოთ, დავაყოვნოთ, გავაჩეროთ, ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება და შესაბამისად ამ გადაწყვეტილებების შედეგები საქართველოსთვის, რაც ანაკლიის ჩინელებისთვის გადაცემას შეიძლება მოჰყვეს.

პირველი შედეგი ჩვენ ვნახეთ სწორედ მაგ დღეს, როდესაც ამერიკის ელჩთან შეხვედრის შემდეგ ლევან დავითაშვილმა ერთგვარად უკან დაიხია – მანამდე თებერვალში, BMG-სთვის მიცემულ ინტერვიუში ლამის რიცხვებით გველაპარაკებოდა, როცა თქვა, რომ „აპრილის დასაწყისში ხელშეკრულებას გავაფორმებთო“.

უკან დახევა უკვე სახეზე გვაქვს. ეს ძალიან კარგია, მისასალმებელია და იმედია ეს ასე გაგრძელდება.

  • ანაკლია დაახლოებით 40 კილომეტრით არის დაშორებული ოჩამჩირიდან. თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს რუსეთის ინტერესები ოჩამჩირეში (რუსეთი ცდილობს ოჩამჩირის პორტი მრავალფუნქციურ ლოჯისტიკურ ჰაბად აქციოს, როგორც სამხედრო, ისე კომერციული ხაზით) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე?

ძალიან დიდს და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა.

ზუსტად ამაშია ანაკლიის პორტის დასწრების მთელი ამოცანაც. 2020-ში ანაკლია რომ აშენებულიყო, გაცილებით მინიმალიზებული იქნებოდა საფრთხეები, რომელიც ოჩამჩირიდან შეიძლება მომდინარეობდეს. რაც უფრო იწელება ანაკლიის პორტის ამოქმედება, მით უფრო იზრდება საფრთხეები.

თუ ჩვენ დაგვასწრო რუსეთმა და ოჩამჩირეში სრულფასოვანი, დასრულებული ვერსია შემოგვთავაზეს პორტის, ეს იქნება სერიოზული გამოწვევა, ნებისმიერი, საკუთარი თავის პატივისმცემელი კომპანიისთვის, გადაწყვიტოს შემოვიდეს ანაკლიაში.

ჩვენ რეალურად ვლაპარაკობთ ძალიან მცირე დაშორებაზე, ამ ორ წერტილს შორის, რაც უსაფრთხოებისთვის შეიძლება სერიოზული პრობლემების მატარებელი იყოს.

მე იმედი მაქვს, რომ იმ ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება და იმ უბედურებების კვალობაზე, რომელშიც რუსეთმა საკუთარი თავი გახვია, მათ უბრალოდ ადამიანური და ფინანსური რესურსი არ ეყოფათ იმისათვის, რომ ოჩამჩირეს სრულფასოვნად მიხედონ და იქ პორტი საბოლოოდ რეალიზდეს. ეს იქნება სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევა, არ არის გადაულახავი, მაგრამ პრობლემა იქნება.

  • შავი ზღვის 6 ქვეყნიდან (საქართველო, თურქეთი, უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი და რუსეთი), შავი ზღვის უსაფრთხოებას საფრთხეს რეალურად უქმნის რუსეთი. ამასთან, რუსეთი ცდილობს ოჩამჩირის პორტი მრავალფუნქციურ ლოჯისტიკურ ჰაბად აქციოს, როგორც სამხედრო, ისე კომერციული ხაზით. რა გავლენა ექნება ამას საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე?

ნებისმიერი ახალი რუსული სამხედრო წერტილის გაჩენა ნებისმიერ გეოგრაფიაში არის უსაფრთხოების გამოწვევა ცივილიზებული სამყაროსთვის. ეს უდავოა. შავ ზღვაზე თუ ვისაუბრებთ, ყველაფერი დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, რით დასრულდება ყირიმის თემა.

თუ ყირიმზე სრული პატრონაჟი აიღო რუსეთმა და საკუთარი ამოცანის შესრულებას მიაღწია, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ იმის გათვალისწინებით, რომ მათი რესურსები შეზღუდულია, ისინი შავ ზღვაზე ორი, სრულფასოვანი პორტისთვის იმ ფუნქციის მიცემას ვერ შეძლებენ, რაც ამ ტიპის პორტს უნდა ჰქონდეს.

ამიტომ არსებობს მოლოდინი, რომ რუსების მობილიზება მოხდება ყირიმის მიმართულებით და იქ უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გაძლიერება, გამყარება, გაფართოებაზე.

მაგრამ ეს იმ პირობებში, თუკი იქ რამე ტიპის ლეგიტიმაციას მიაღწიეს. მე იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ თუ ეს მოხდა, ტვირთების მაქსიმალურ მობილიზებას და გადაზიდვას გამოიწვევს ყირიმისკენ. დროის რაღაცა მონაკვეთში მაინც. სხვა ტერიტორიებისთვის და წერტილებისთვის მათ რესურსები არ ეყოფათ, მაგრამ ეს საშუალოვადიანი თემაა. გრძელვადიანად უფრო ფართო კონტექსტში უნდა დავინახოთ ეს საკითხი.

ოჩამჩირე იქნება ეს თუ გუდაუთა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ამ წუთას უკრაინასთან რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და მერე ამ ფონზე ეს რა გავლენას მოახდენს აფხაზეთთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ მისაღებ გადაწყვეტილებებზე.

ერთი დიდი სურათის ნაწილი ვართ ჩვენც. ისე ვერ იქნება, რომ საქართველომ თავის გზით იაროს და მთელმა დანარჩენმა სამყარომ – თავისი გზით. ამიტომ იმაზე მეტად გადაება უკრაინა-საქართველოს თემა ერთმანეთს, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა თუნდაც ომის დაწყების მომენტში.

დაველოდოთ, როგორც ჩანს, პროცესი იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რაღაც შემთხვევაში შუალედური გადაწყვეტები შემდეგი ერთი თვის განმავლობაში სახეზე იქნება.

  • შავი ზღვა ნატოს ალიანსისთვის ისევ სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია? თუ კი, ეს როგორ აისახება ჩვენზე?

2016 წელს, ვარშავის სამიტზე აღიარა ნატომ საბოლოოდ შავი ზღვის, როგორც მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ზღვის კონცეფცია. 2016 წლის დეკლარაციის თითქმის ნახევარი მიეძღვნა შავ ზღვას და ეს იყო მნიშვნელოვანი გარღვევა ჩვენთვის და ძალიან სასარგებლო. იმის შემდეგ, სამწუხაროდ, კონკრეტული ქმედებების თვალსაზრისით დიდად არაფერი მომხდარა. უკრაინაში აგრესიის პირობებში პრობლემა უფრო დამძიმდა.

წინ არის ნატოს სამიტი. ჯერჯერობით დოკუმენტები არაა ცნობილი. ვფიქრობ, ამის მიზეზი ისიც არის, რაზეც ვისაუბრე. ბევრი რამე იქნება იმაზე დამოკიდებული, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საბოლოოდ რა პოზიციაზე ჩამოყალიბდება უკრაინასთან დაკავშირებით. როგორ დასრულდება რუსული აგრესია – შუალედური მოგვარებით, ცეცხლის შეწყვეტით თუ კონფლიქტის გაყინვით.

ვფიქრობ, ეს არის მიზეზი, რატომაც სამიტამდე ორი თვით ადრე არ ვიცით არაფერი. არცერთი დოკუმენტის პროექტიც კი არაა ცნობილი. დარწმუნებული ვარ, ჰააგის სამიტის დოკუმენტებში შავი ზღვა აუცილებლად მოხვდება, მაგრამ როგორ მოხვდება და მისი პოზიციონირება რა იქნება: იქნება იმავე ხაზის გაგრძელება, რაც ვარშავაში დადასტურდა, იქნება გადახვევა ამ ხაზიდან ან უფრო მეტი ან უფრო ნაკლები მნიშვნელობის მინიჭება -ეს იქნება დამოკიდებული აუცილებლად იმაზე, ამ ერთი თვის განმავლობაში ვაშინგტონის პოზიციები როგორ ჩამოყალიბდება უკრაინასთან, ყირიმთან მიმართებაში.

  • ჩინეთის ინტერესი მსხვილი უცხოური ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ რაზე მიანიშნებს? რისთვის სჭირდება ჩინეთს ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში?

ვფიქრობ, დღეს ეს ისეა ნათელი, როგორც არასდროს. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ყველაზე კარგად გამოჩნდა რამხელა ფუნქცია აქვს ვაჭრობას საერთაშორისო პოლიტიკაში და სახელმწიფოების გეოპოლიტიკურ პოზიციონირებასთან მიმართებაში. გასაგებია, რომ რუსეთი ისევ ტანკებით იბრძვის, მაგრამ რუსეთის გარდა პრაქტიკულად ტანკებით აღარავინ არ იბრძვის. ბრძოლის იარაღები და ინსტრუმენტები ძირითადად გადის ეკონომიკურ, სავაჭრო, საინფორმაციო, ტექნოლოგიურ სივრცეებში. აქ, ამ სივრცეებში გადაინაცვლა ომში გამარჯვება-დამარცხების სტრატეგიებმა და წარმატება-წარუმატებლობის ფორმულებმა.

ჩინეთის გრძელვადიანი ამოცანები “ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივა“(BRI) პროექტის გამოცხადების დროს გაცხადდა.

დღეს ყველაზე უფრო ნათლად ჩანს, რა შედეგების მოტანა შეეძლო მას, სრულფასოვნად რომ ამოქმედებულიყო 2016 წლიდან. 10 წლის განმავლობაში ისინი პრაქტიკულად სრულ ეკონომიკურ დომინაციას მოიპოვებდნენ, მინიმუმ ორ კონტინენტზე – აფრიკასა და ლათინურ ამერიკაზე და მნიშვნელოვანწილად, ასევე, ევრაზიაზე.

ჩინელებმა ვერ შეძლეს იმ ამბიციური გეგმის განხორციელება, რომელიც მაშინ ჰქონდათ დასახული. ახლა რეალურად სხვა ვითარებაა, ვიდრე ეს იმ ქაღალდებზე ეწერა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ მოქმედებდნენ.

მართალია, ვერ იმოქმედეს იმ გაქანებით, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს და მნიშვნელოვანი დომინაცია მოიპოვეს მსოფლიოში მთავარ ინფრასტრუქტურაზე: იქნება ეს გზები, სარკინიგზო მიმოსვლა, პორტები… უამრავი წერტილია დედამიწაზე, სადაც როგორი ურთიერთობები იქნება ჩინეთსა და სხვა მთავარ მოთამაშეებს შორის, ამით განისაზღვრება ის, თუ იმ სხვა მოთამაშეების სავაჭრო პოტენციალი რა იქნება. იმიტომ, რომ უბრალოდ არ გაატარებს ტვირთს, ან რაღაცა ტიპის სანქციებს შემოიღებს, ან განსხვავებულ ტარიფებს შემოიღებს…

ვფიქრობ, რომ რაც უფრო სწრაფად გამოფხიზლდება ევროკავშირი, როგორც რუსეთთან, ისე ჩინეთთან ურთიერთობაში, პრაგმატული, საკუთარი უპირატესობით ნაკარნახევი პოლიტიკის წარმოების წარმატებისთვის, მით უფრო ნაკლები პრობლემები ექნება ხვალ და ზეგ სამყაროს ავტორიტარული სახელმწიფოების მომძლავრების შესაჩერებლად.

თუ ყველაფერი იმ სცენარით წარიმართა, როგორც ახლა მიდის, ერთი წუთით უკრაინის თემა რომ გვერდზე გადავდოთ, [ჩვენი მთავარი ტკივილი ეგ არის] და სხვა დანარჩენ საკითხებს შევხედოთ, იგივე ჩინეთთან სატარიფო პოლიტიკა, საგარეო დახმარება და ა.შ. – 4 წლის შემდეგ ევროპა იქნება მადლიერი, ტრამპის და მისი ადმინისტრაციის, რადგან გაცილებით უფრო ძლიერი იქნება 4 წლის თავზე ევროკავშირი, ვიდრე გუშინ. მოტივაცია გაუჩნდა მას, რომ საკუთარი პოტენციალი და სიძლიერე აჩვენოს, დაამტკიცოს, წინა პლანზე წამოწიოს. მიძინების ფაზა დამთავრდა.

ამიტომ ეს არ არის ცუდი ამბავი. მაგრამ ახლა ჩვენი პრობლემაა მთავარი, ამ ყველაფერს ძალიან მძიმე შედეგები შეიძლება ჰქონდეს ჩვენნაირი, წინა ხაზზე მყოფი ქვეყნებისთვის.

  • საქართველო თავისი მდებარეობით, პორტებით და შუა დერეფნის სატრანზიტო მარშრუტით, შუა აზიის ქვეყნებს (მაგალითად, ყაზახეთს) აკავშირებს ევროკავშირის ბაზართან. თუ ანაკლიაში ჩინეთი შემოვიდა მაღალი წილით, რას ცვლის ეს ჩინეთისთვის, რას ცვლის ევროკავშირისთვის და რას ცვლის საქართველოსთვის?

იმათთვის არაფერს ცვლის, ჩვენთვის ცვლის. არ ცვლის იმიტომ, რომ გასაგებია – ჩინეთის პოზიციები მყარდება, ევროკავშირის მყარდება, შუა დერეფანი, ისევე როგორც ჩრდილოეთის დერეფანი, ავტორიტარული მმართველობის ქვეშ გადადის. ჩრდილოეთის დერეფანი რატომ არ უნდა ცივილიზებულ, დემოკრატიულ სამყაროს? იმიტომ, რომ ჩრდილოეთის დერეფანზე უპირატესობა აქვს რუსეთს და არ უნდა რუსეთის შანტაჟის ქვეშ იყოს.

თუ შუა დერეფანიც ასევე ავტორიტარული სახელმწიფოს დომინაციის ქვეშ გადავიდა, ხვალ და ზეგ ეს საკითხიც დადგება, რომ უკვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შანტაჟის ქვეშ არ უნდათ ყოფნა. ჩვენთვის ცვლის ყველაფერს, თორემ დასავლეთისა და ჩინეთისთვის – არა.

ამ შემთხვევაში საქართველო უღალატებს დასავლეთს, ერთმნიშვნელოვნად აირჩევს მხარეს და ჩადგება ავტორიტარიზმის ჯაჭვში. ყველაზე სერიოზული ცვლილება იქნება ჩვენთვის, როდესაც ყველანაირი ინტერესი და სტრატეგიული კავშირები საქართველოსთან მიმართებაში წარსულის კუთვნილება გახდება. მაგ შემთხვევაში რა ფასი აქვს საქართველოს? განსაკუთრებით იმ ტიპის სამყაროში, როგორიც ტრამპის მმართველობის პირობებში იქმნება, როდესაც ყველაფერი ითვლება და ეს პოლიტიკა უკიდურესად პრაგმატული გახდა.

ამიტომ ჩვენთვის სამყარო ამობრუნდება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

  • უშვებთ, რომ შეიძლება საქართველოს მთავრობამ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან მოაწეროს ხელშეკრულებას ხელი? 

ეს ძალიან რთული კითხვაა. იმდენად უპასუხისმგებლოა თბილისში ის ხალხი, ვინც თავის თავს ხელისუფლებას ეძახის, იმდენად კონცენტრირებული არიან ძალაუფლების შენარჩუნებაზე და არა ამ ქვეყნის გრძელვადიან ამოცანებზე, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ ჩემი ამოცანა პირადად ის არის, რომ მათაც, ვაშინგტონსაც დავანახოთ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება საბოლოოდ ყველას გაანადგურებს, მათ შორის ქართულ სახელმწიფოსთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ინტერესებსაც.

მათ ხომ [„ოცნებას“] სახელმწიფო არ აინტერესებთ. მათ აინტერესებთ საკუთარი თავი ძალაუფლებაში. თუმცა ვფიქრობ, ისინიც უნდა ხედავდნენ, რომ ამ ძალაუფლებას დაკარგავენ, თუ საქართველოს ფასი გაუფასურდება საერთაშორისო ასპარეზზე. იმის გათვალისწინებით, რომ ყველაფერზე შეიძლება წავიდნენ, მაინც იმედი მაქვს, რომ პრაგმატიზმი გადაძალავს და დაინახავენ, რომ ყველაფერს კარგავენ ამ გადაწყვეტილების მიღებით.

მოკლე პერიოდში ამით კი შეიძლება ძალაუფლება შეინარჩუნონ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველაფერს დაკარგავენ.