საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) თავმჯდომარის, სოსო გიორგაძის ინფორმაციით, ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში ინტელექტუალური საკუთრების აკადემია მოეწყობა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიური ცენტრი განთავსდება.

როგორც სოსო გიორგაძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, შენობის ერთ სართულზე სრულად "საქპატენტის" სასწავლო ცენტრი იქნება, სადაც ქართველი და უცხოელი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა ტიპის სასწავლო სივრცეები მოეწყობა.

"საქპატენტი ბოლო წლებში ახალგაზრდების მიმართულებით განსაკუთრებით  გააქტიურდა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაეროს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად განვახორციელეთ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა – "ინოვაციები, მეწარმეობა და ინტელექტუალური საკუთრება". პროგრამა პირველ კურსდამთავრებულებს ამ შემოდგომაზე გამოუშვებს და ამავდროულად სტუდენტების მეორე ნაკადს მიიღებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში ინტელექტუალური საკუთრების აკადემიას ვაწყობთ, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიური ცენტრი განთავსდება.

ზოგადად, სწავლის კუთხით დაინტერესებას რაც შეეხება მაღალია. მაგალითად, პირველივე წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 30-მდე მეტი განაცხადი შევიდა და საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამას 20 სტუდენტი ჰყავდა. ჩვენი მთავარი ამოცანაა საქართველოში და საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელების მქონე პროდუქტების დაცვა. ასევე პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ახლა ჟურნალს ვამზადებთ, სადაც ასახული იქნება - ბოლო დროს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები. შემოდგომის დასაწყისში საშუალება გვექნება, ჟურნალი საზოგადოებას წარვუდგინოთ", - აცხადებს სექტორის წარმომადგენელი.

bp.ge