თბილისში, მდინარე მტკვარზე, ბოლო ხიდი 80-იან წლებში აშენდა, როცა თბილისში ასი ათასამდე ავტომობილი გადაადგილდებოდა, დღეს დედაქალაქში ავტომობილების რიცხვი გაათმაგებულია, თუმცა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები არ ჩატარებულა,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, დავით ფანჯაკიძემ რადიო "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა. 

,,მტკვარზე ბოლო ხიდი 1983 წელს აშენდა და ამ პერიოდში თბილისში სადღაც 100 ათასამდე ავტომობილი მოძრაობდა. თუ დღევანდელ რეალობას შევხედავთ, ეს რიცხვი გაათმაგებულია, მაგრამ ამას არ მოჰყოლია ინფრასტრუქტურის შესაბამისი განვითარება. ბუნებრივია, საცობების მიზეზი, რა თქმა უნდა, ავტომობილების რიცხოვნობის ზრდა და ამის პარალელურად, ის, რომ ინფრასტრუქტურა საამისოდ არ გადაეწყო - არ აგებულა ახალი გიდები, გზაგამტარები. მოძრაობის განსამუხტი ობიექტების რაოდენობა თითებზე ჩამოსათვლელია. სამწუხაროდ, გამიჭირდება იმის თქმა, რომ რამე მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება, პერიოდულად მხოლოდ დაპირებები გვესმის და რეალურად არაფერი ხორციელდება",- ამბობს ფანჯიკიძე.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების პოპულარიზაცია კარგია, თუმცა ეს საცობების პრობლემას მაინც ვერ მოაგვარებს. ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ თბილისში შესაბამისი ესტაკადები და ხიდები დაუყოვნებლივ უნდა აშენდეს. 

,,კი, საზოგადოებრივ ტრანსპორტს თავისი ფუნქცია აქვს, მაგრამ ადამიანი ნორმალურად უნდა გადაადგილდებოდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც და საკუთარი ავტომობილითაც. მხოლოდ ერთი მიმართულებით ვიფიქროთ და სიტუაცია მეორის გაუმჯობესების ხარჯზე გაუარესდეს, ცხადია, არ არის ნორმალური.

უნდა აშენდეს ხიდები, აიგოს ესტაკადები, თბილისში მოძრაობა უკვე შეუძლებელია. შეიძლება, ძვირი დაგვიჯდეს, შეიძლება, დიდი დრო დავხარჯოთ, მაგრამ პრობლემა მოსაგვარებელია",- თქვა თბილისის საკრებულოს წევრმა, დავით ფანჯაკიძემ.