ლევილის მამულის რეაბილიტაციაზე საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ორი კონტრაქტი გააფორმა - 3.3 და 1 მილიონი ევროს ოდენობით. სამუშაოებს ფრანგული კომპანიები - PGD BATIMENT და SAS GOUNOT განახორციელებენ.

სარეაბილიტაციო პაკეტის ყველაზე მსხვილი ნაწილი, 3.347 მილიონი ევროს ღირებულებით, კომპანია PGD BATIMENT-ს დაევალა. კონტრაქტი მოიცავს კომპლექსის სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოების სრულ ციკლს - ინფრასტრუქტურის გამაგრებას, შენობების რეკონსტრუქციას, გარე სივრცეების მოწყობასა და საინჟინრო სისტემების განახლებას. დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები დაახლოებით 7.5 თვე გასტანს და სრულად უნდა დასრულდეს 2026 წლის 15 ივლისისთვის.

მეორე კონტრაქტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 1.05 მილიონ ევროს შეადგენს, ელექტროსამონტაჟო, უსაფრთხოების და ტექნიკური სისტემების მოწყობას ეხება. ეს სამუშაოები კომპანიის - SAS GOUNOT - პასუხისმგებლობად განისაზღვრა. ხელშეკრულების მიხედვით, ელექტროგაყვანილობისა და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა ასევე 2026 წლის 15 ივლისამდე უნდა მოეწყოს.

ორივე კომპანიას ხარისხის 10-წლიანი საგარანტიო პირობების დაცვა დაევალა.

bm.ge