თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი "სმარტ სოლუშენსი" დააჯარიმა - როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჯარიმო დოკუმენტიდან ირკვევა, მიზეზია ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთზე 24 აგვისტოს ჩატარებული მონიტორინგი, რომლითაც დადგინდა, რომ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა. ამისთვის კომპანიას 1583 ლარის ჯარიმა დაეკისრა.
"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2026 წლის 27 ივლისის წერილით, დაგევალათ ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, შ. რუსთაველის გამზირის (ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება 2026 წლის 28 ივლისიდან, 24 საათიან რეჟიმში (ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.5 პუნქტის შესაბამისად), თუმცა, 2026 წლის 24 აგვისტოს (21:00 საათი) ინსპექტირების აქტიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ ობიექტზე, სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა,"- ნათქვამია საჯარიმო წერილში, რაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ანალოგიური დარღვევისთვის კომპანიას ჯარიმა 30 და 24 ივლისს, ასევე 7 აგვისტოსაც დაეკისრა.
ცნობისთვის
კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის რეაბილიტაციის სამივე ლოტზე მუშაობს და მასთან გაფორმებული კონტრაქტის ჯამური ღირებულება 19.8 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიამ სამუშაოები 23 ივლისს 00:00-ზე დაიწყო და კონტრაქტით მისი დასრულება 100 დღეში 24-საათიან რეჟიმში მუშაობით ევალება.
გარდა "სმარტ სოლუშენისა", რუსთაველის გამზირზე რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთვება კიდევ ორი კომპანია - შპს AWARD-ი და შპს "ნიუკონსი". კომპანიები ჭოველიძის ქუჩიდან მეტრო რუსთაველამდე ტროტუარების რეაბილიტაციას განახორციელებენ, რისთვისაც მერიამ ტენდერები 14 აგვისტოს გამოაცხადა. პირველ ტენდერში 3,650,000 ლარით გაიმარჯვა კომპანია AWARD-მა, ხოლო მეორეში 3,854,000 ლარით "ნიუკონსმა".
რუსთაველის გამზირზე სამუშაოებს ახორციელებს GWP-ის კონტრაქტორიც, რომელიც ადგილზე წყალმომარაგების და კანალიზაციის მილებს ცვლის, აღნიშნულისთვის GWP 12.5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. გარდა ამისა, ადგილზე მუშაობს "თბილისი ენერჯის" კონტრაქტორიც, რომელიც გაზმომარაგების ქსელს ცვლის, რისთვისაც კომპანია 3 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.