„ჩვენს ნავსადგურებს არ აქვთ ჩამოყალიბებული საინვესტიციო ხედვა იმისა, რომ შუა აზიაში ჩასახული ტვირთნაკადების მისაღებად ადექვატური ინფრასტრუქტურის შექმნან“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა ცაგარეიშვილმა, განაცხადა.
ინფორმაციისთვის, მე-2 კვარტალში, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 024 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც წლიურად 5%-იანი კლებაა.
„ნავსადგურების გადამუშავების თემა პირდაპირაა მიბმული საავტომობილო და სარკინიგზო გადაზიდვებზე, რადგან რა ტვირთიც ამ ორი ფორმით გადაგვაქვს, შემდეგ მათ ნავსადგურები გადაამუშავებს.
საერთოდ, საკონტეინერო გადაზიდვების გარდა, ნავსადგურებში ტვირთბრუნვის გაზრდას ვერ ვახერხებთ. საკონტეინერო მიმართულებაც გასაგებია - შემოდის დალუქული მანქანები, რომლებიც შემდეგში ყაზახეთში, ყირგიზეთსა და სხვა ქვეყნებში გააქვთ, ანუ ესეც დროებითი პროცესია და ჩვენ გამტარის როლი გვაქვს.
ჩვენს ნავსადგურებს არ აქვთ ჩამოყალიბებული საინვესტიციო ხედვა იმისა, რომ შუა აზიაში ჩასახული ტვირთნაკადების მისაღებად ადექვატური ინფრასტრუქტურის შექმნან. მაგალითად, ბათუმის ნავსადგურში ახლაც დგას ჯართის ამწეები, როცა მათი გადაზიდვის სამუშაოები კარგა ხანია დასრულდა. ასეთი დეტალებია, რომელთა გამოც სრულიად კანონზომიერ უარყოფით შედეგებს ვიღებთ.
არადა, ჩვენი სატრანზიტო მნიშვნელობიდან გამომდინარე, სათანადო ინფრასტრუქტურული განვითარების პირობებში, ამ სფეროდან მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღება შეგვიძლია, მაგრამ ვართ იმ დონეზე, რომელზეც ვართ“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.