საქართველოს „საზღვაო ხაზების დაკავშირებადობის ინდექსის“ რადიკალური გაუმჯობესებისთვის ქვეყნისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის არსებობა აუცილებელია, ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი წერს.

მათი შეფასებით, ანაკლიის პორტის ამოქმედება საშუალებას მისცემს გლობალური საკონტეინერო ხაზების კუთვნილი დიდი ტევადობის კონტეინერმზიდი (Post-Panamax) ტიპის გემების შუალედურ ნავსადგურებში გადატვირთვის გარეშე მიღება-დამუშავებას.

TCRC-ში ასევე განმარტავენ, რომ დაკავშირებადობის ინდექსის Liner Shipping Connectivity Index (LSCI)-ის 2026 წლის აპრილის განახლებული მონაცემის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 119-ე საფეხურზე პოზიციონირებს, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა და მისი სანავსადგურე ინფრასტრუქტურა რეგიონულ საზღვაო ჰაბად ჩამოყალიბებასთან ჯერ კიდევ შორსაა, ამ კომპონენტით მნიშვნელოვნად ჩამორჩება შავი ზღვის არეალის თურქეთის, რუსეთის და რუმინეთის ნავსადგურებს.

„მხოლოდ ანაკლიის ნავსადგურის ამოქმედების პირობებში საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა, გახდეს ტრანზიტული ჰაბი შუა დერეფანში და სრულად ინტეგრირდეს გლობალურ ლოგისტიკურ საკონტეინერო ქსელებში.

Liner Shipping Connectivity Index (LSCI)-ის პოზიციონირების გაუმჯობესებისთვის აუცილებელი იქნება ქვეყნის ნავსადგურებში არსებული საკონტეინერო ნაკადის წლიური 0.8 მლნ TEU-დან 1.5–2.0 მლნ TEU-მდე ზრდა.

დაკავშირებადობის ინდექსის მიხედვით 119-ე საფეხურზე პოზიციონირება ვერ ჩაითვლება დამაკმაყოფილებელ შედეგად და ვერ ასახავს საზღვაო ამბიციების ქვეყნის შესაძლებლობას.

გაეროს მონაცემებით 2024 – 2025 წლებში საქართველოს დაკავშირებადობის ინდექსის ზრდა შეჩერდა, რისი მიზეზიც ქვეყნის ნავსადგურებში საკონტეინერო ინფრასტრუქტურის შეზღუდულ გამტარუნარიანობასთან ერთად დიდი მოცულობის კონტეინერმზიდების მიღების სირთულე და პირდაპირი საკონტეინერო ხაზების სიმცირე წარმოადგენს.

საქართველოს 119-ე საფეხურზე პოზიციონირება ნიშნავს, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ შორსაა რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებასთან –  უმთავრესი პრობლემა არა ტვირთის ნაკლებობასთან ერთად, საზღვაო დაკავშირებადობის აუცილებელი სერვისების დონის ჩამორჩენილობაა.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ სადღეისოდ ნავსადგურების დაკავშირებადობის კუთხით 119-ე საფეხურზე პოზიციონირება ნიშნავს, რომ ქვეყანამ უკვე ამოწურა არსებული ნავსადგურების ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის შესაძლებლობები და შემდგომი განვითარება ნავსადგურების გაფართოებაზე და ახალი სერვისების დანერგვაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

TCRC-ში ამბობენ, რომ Liner Shipping Connectivity Index (LSCI) ინდექსი ქვეყნის საერთაშორისო საზღვაო საკონტეინერო ქსელებში ჩართულობას ასახავს. LSCI ინდექსი ქვეყნების საზღვაო ლოგისტიკური ეფექტიანობის შეფასებისთვის და სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებების განსაზღვრისთვის გამოიყენება.