ივნისში „დინამო თბილისი“ საშინაო მატჩებს „დავით პეტრიაშვილის არენაზე“ გამართავს. ამ პერიოდში „დინამო არენაზე“ მოედნის საფარი სრულად განახლდება, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე საფარი განახლებას საჭიროებდა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ნაკრების ივნისის ამხანაგური მატჩები (2 ივნისს – რუმინეთთან, 5 ივნისს – ბაჰრეინთან) „მიხეილ მესხის არენაზე“ დაიგეგმა.

„დინამო არენის“ საფარის შეცვლა ევროთასებზე „დინამო თბილისის“ გამოსვლას უკავშირდება. კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები 9 და 16 ივლისს არის დაგეგმილი და მოედანი მანამდე უნდა მოწესრიგდეს. ამ ეტაპზე ტურნირზე სულ 52 გუნდი ითამაშებს, „დინამო“ კი განთესილთა შორის მოხვდა.

სტადიონის განახლება სექტემბერში, ერთა ლიგაზე გასამართ საქართველოს ნაკრების თამაშებსაც უკავშირდება – „ჯვაროსნები“ 25 სექტემბერს ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებენ, 28-ში კი – უკრაინას.

პირველი არხი