დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება ქვეყნისთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და რკინიგზაში მომავალშიც გაგრძელდება ასეთი პროექტების განხორციელება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, პროექტი რკინიგზის გამტარუნარიანობას დაახლოებით ორჯერ გაზრდის.
„ახალი პროექტი ითვალისწინებდა როგორც ახალი ხიდების, გვირაბების მშენებლობას ახალი ლიანდაგების დაგებას და ა.შ. ეს იყო დაახლოებით მილიარდიანი პროექტი, რომელიც გამტარუნარიანობას დაახლოებით 2-ჯერ ზრდის რკინიგზაში. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტი, გამომდინარე იქიდან, რომ დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება ქვეყნისთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და რკინიგზაში მომავალშიც გაგრძელდება ასეთი პროექტების განხორციელება. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ მომავალ ზაფხულამდე გვინდა, ნახევარი საათით შევამციროთ მგზავრობის დრო თბილისსა და ბათუმს შორის, რაც აბსოლუტურად რეალურია. ამაზე მუშაობს საქართველოს რკინიგზა და ასევე განხორციელდა რეფორმა საქართველოს რკინიგზის სისტემაში. ჩვენ დავზოგეთ ძალიან დიდი თანხები პროექტების ოპტიმიზაციის ხარჯზე და ასევე ათეულობით მილიონი ლარი წლიურ ჭრილში დაიზოგა კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზე. მადლობა ამისათვის რკინიგზის ხელმძღვანელს ლაშა აბაშიძეს და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ ცვლილებების განხორციელებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს