ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ბორჯომში, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება. მშენებლობის ბიუჯეტი კი 15 374 192 ლარს შეადგენს.
უწყების ცნობით, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ე.წ. კომპაქტური განსახლების შენობებში, არასათანადო პირობებში ცხოვრობენ.
"სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი გაეცნენ",- წერია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების განმარტებითვე, ბორჯომის პარალელურად, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, საცხოვრებელი კომპლექსები კიდევ 3 ქალაქში - თბილისში, ზუგდიდსა და რუსთავში შენდება.