ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაასრულა. ინვენტარიზაცია ჯამში 45 727 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა, რის საფუძველზეც შემუშავდება ტყის მართვის ათწლიანი გეგმა, რომელშიც მომდევნო ათი წლის განმავლობაში განსახორციელებელი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები განისაზღვრება. მათ შორისაა სანიტარიული ჭრები, ტყის აღდგენის ღონისძიებები, სატყეო გზების მოწყობა და სხვა სამუშაოები.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები, რაც ერთობლიობაში უზრუნველყოფს ქვეყნის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას. ტყის ინვენტარიზაცია ტყის მართვის სამოქმედო გეგმის საფუძველია, რათა სწორად და ეფექტიანად დავგეგმოთ ყველა სახის სატყეო-სამეურნეო ღონისძიება მომავალი ათი წლისთვის“ - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი ბენაშვილმა.

დღეის მდგომარეობით, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები სრულადაა განხორციელებული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის 59% ფართობზე.

2026 წელს ინვენტარიზაციის სამუშაოები შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, ჯამში, 238 ათას ჰექტარ ფართობზე ჩატარდა.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს