მთავრობამ აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მიმართულება დაამატა. ახალი ქვეკომპონენტის ფარგლებში ფერმერებს ტრაქტორების, კომბაინებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად აღებული სესხის პროცენტი დაუსუბსიდირდებათ. სესხის მოცულობა 5 000-დან 1.5 მილიონ ლარამდე განისაზღვრა, სააგენტო საპროცენტო განაკვეთს მაქსიმუმ, 36 თვის განმავლობაში დაასუბსიდირებს.
მთავრობის 2026 წლის 20 ნოემბრის №556 დადგენილებით ცვლილება შევიდა „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში“, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება.
ახალი მიმართულებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შესაძენად, მათ შორის - არანაკლებ 20 ცხენის ძალის მქონე ტრაქტორების, მისაბმელების, კომბაინებისა და მექანიზაციის სხვა საშუალებების შესყიდვისთვის. ტექნიკის შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც საქართველოს ბაზარზე, ისე იმპორტის გზით. შესყიდვა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა განხორციელდეს.
სესხის მაქსიმალური მოცულობა 1.5 მილიონი ლარია, მინიმალური კი - 5 000 ლარი. საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი სესხის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება. ფიქსირებული განაკვეთის შემთხვევაში 150 000 ლარამდე სესხზე წლიური პროცენტი არ უნდა აღემატებოდეს 18%-ს, 150 001-დან 600 000 ლარამდე სესხზე - 17%-ს, ხოლო 600 001-დან 1.5 მილიონ ლარამდე სესხზე - 16%-ს.
მცურავი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში განაკვეთის ზედა ზღვარი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 8%, 7% ან 6% იქნება, სესხის მოცულობის მიხედვით. სახელმწიფო სააგენტო სესხის პროცენტს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ოდენობით დაასუბსიდირებს. თანადაფინანსების პერიოდი მაქსიმუმ 36 თვეა, ხოლო მისი დაწყება სესხის ან პირველი ტრანშის გაცემიდან არაუგვიანეს 38 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს.