დაზღვევის კავშირის ხელმძღვანელის, ლაშა ნიკოლაძის განცხადებით, სამედიცინო დაზღვევაში ფასები დაახლოებით 10-12%-ით არის გაზრდილი.

გარდა ამისა, მისი თქმით, სერვისების ფასები გაიზარდა ავტომობილების დაზღვევის მიმართულებით, მათ შორისაა შეკეთება და ნაწილები.

„ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე ფასებში დიდი დინამიკა არ იქნება. ჯანმრთელობის დაზღვევაში ძირითადად მასშტაბის არეალი მუშაობს. მცირეა მოგების მარჟა, მაგრამ დიდი რაოდენობით დაზღვეული მაინც აბსოლუტურ რიცხვებში გარკვეულ მოგებას ქმნის, თუმცა მარჟა საკმაოდ მცირეა. ზოგადად, სადაზღვევო ინდუსტრიის წმინდა მოგებას თუ დააკვირდებით, საკმაოდ მცირეა არა მარტო ჯანმრთელობის, არამედ სხვა მიმართულებითაც“, – განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ.

მისი განმარტებით, სადაზღვევო კომპანიების ბაზარი იზრდება, რაც მისასალმებელია.

„სადაზღვევო კომპანიების დიდი ძალისხმევით ხდება ეს ამბავი. ზრდა არის ზუსტად იგივე მიმართულებით, როგორც ადრე. პირველ რიგში, ეს არის ჯანმრთელობის დაზღვევა. საფასო სამედიცინო სერვისების ტურბულენტობის პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია, ისეთი მგრძნობიარე საკითხი იყოს დაზღვეული, როგორიც ჯანმრთელობაა. ასევე, არის როგორც ქონების, ისე სიცოცხლის დაზღვევა. თუმცა, ჯერჯერობით ის მოლოდინი, რომელიც სავალდებულო კანონის შემოღებასთან დაკავშირებით იყო, იგივე ეტაპზეა და სადაზღვევო ინდუსტრია ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდება ამ საკითხის განვითარებას“, – განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხზე საკომიტეტო მოსმენები მალე გაიხსნება და განისაზღვრება პერიოდი, თუ როდიდან შეიძლება აღნიშნული კანონი ძალაში სრულფასოვნად შევიდეს.

„სადაზღვევო კომპანიების მზაობა არის, კაპიტალში ყველაფერი წესრიგშია და დავაკვირდებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. რა თქმა უნდა, ეს წელს არ დაიწყება, მაგრამ რომ გაიხსნას საკომიტეტო დიალოგი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ყველა ქვეყანამ ეს გზა გაიარა, სხვადასხვა სექტორისთვის და თითოეული ავტომომხმარებლისთვის ინფორმირება მნიშვნელოვანია. დაითქვას პერიოდი, თუნდაც 2027 წლიდან ან სხვა პერიოდიდან, რომ დაიწყოს“, – განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ.

რაც შეეხება საფასურს, ლაშა ნიკოლაძის თქმით, ეს დამოკიდებული იქნება ავტომობილების რაოდენობასა და სადაზღვევო ლიმიტებზე.

„იმ პერიოდში, რა ლიმიტებიც დადგინდება პარლამენტის მიერ და რა ავტომობილების რაოდენობაც იქნება საქართველოში, ამით განისაზღვრება კონკრეტული ფასი. თან მოგეხსენებათ, რომ ავტომობილის შეკეთება იქნება, თუ სხვა ქონებრივი შეკეთებების ფასი, ესეც გათვალისწინებული და ასახული უნდა იყოს სადაზღვევო კომპანიაში“, – განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ.

bp.ge