დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში დასრულდა ორი ჰიდროელექტროსადგურის (ჯამური დადგმული სიმძლავრით – 19,73 მგვტ), ერთი ქარის ელექტროსადგურისა (ჯამური დადგმული სიმძლავრით 18,7 მგვტ) და ექვსი მზის ელექტროსადგურის (ჯამური დადგმული სიმძლავრით – 10,75 მგვტ) მშენებლობა, ხოლო საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა 60-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს (ჯამში, დაახლოებით, 10 ათასი პოტენციური აბონენტი), - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
ანგარიშის მიხედვით, რომელიც მოიცავ 2025 წლის 1 ივნისიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და არახელსაყრელი გარემოებების მიუხედავად, საქართველო წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს და შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა. 2026 წლის პირველი კვარტლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.1%-ს გაუტოლდა. 2025 წელს, როგორც უმუშევრობის დონე, ისე დასაქმების დონე სტაბილურ დონეზე შენარჩუნდა.
„გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და არახელსაყრელი გარემოებების მიუხედავად, საქართველო წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს და შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა. 2026 წლის პირველი კვარტლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.1%-ს გაუტოლდა. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2026 - 2031 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საშუალოდ - 5.1%-ის ოდენობით. 2025 წელს, როგორც უმუშევრობის დონე, ისე დასაქმების დონე სტაბილურ დონეზე შენარჩუნდა და, შესაბამისად, 13.9% და 46.9% შეადგინა.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტისა და შესაბამისად ტურისტულ ნაკადებზე უარყოფითი გავლენის მიუხედავად, 2026 წლის პირველი კვარტალში მიღებული შემოსავლები გაიზარდა და 829.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
კვლავ აქტიურად გრძელდება ტურიზმის სექტორის გაძლიერება, რაც ნათლად აისახება დარგის ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში. 2025 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 4.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია (+6%), ხოლო საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 7,803,239 შეადგინა (+5.9%); განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების დინამიკა, რომელმაც ასევე რეკორდულ მაჩვენებელს - 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, რაც 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით არის გაზრდილი. პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნებულია 2026 წლის პირველ კვარტალშიც: საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა კვლავ ისტორიული მაქსიმუმი - 829.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (+0.5%). ამასთან, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 1,300,505-ს გაუტოლდა, რაც წლიურად - 1.1%-ით არის შემცირებული. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების მიმართულებით კვლავ დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი - 997,529 ვიზიტი (+4%)“,- ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2026 წლის პირველი კვარტლის მიხედვით, ევროპულ სტანდარტებთან საქართველოს სტანდარტების ჰარმონიზაციის მაჩვენებელი 93,72%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, გრძელდება მუშაობა უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ხელშეწყობის მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც, 2025 წლის 22 ოქტომბერს დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-თან გაფორმდა საინვესტიციო შეთანხმება საქართველოში 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით.
ანგარიშში საუბარია შავი ზღვის კაბელის პროექტთან დაკავშირებითაც.
„2026 წლის თებერვალში, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში, ხელი მოეწერა „ზღვის ფსკერის კვლევის დიზაინის, შესყიდვისა და ზედამხედველობის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის“ ხელშეკრულებას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა (სსე) და საკონსულტაციო კომპანია CESI-ს შორის. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის დეკემბერში ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეგულაცია საერთო ინტერესისა და ორმხრივი ინტერესის პროექტების შესახებ, რომლის თანახმად, პროექტმა მიიღო ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი ევროკავშირის ფარგლებში. 2026 წლის თებერვალში, სსე-სა და ტრანსელექტრიკას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“, - ნათქვამია დოკუმენტში.