რუსეთის მიერ სომხური საქონლის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმაგანაცხადა, რომ ექსპორტის უსამართლო ბარიერების შემთხვევაში მთავრობა განახორციელებს სუბსიდირებისა და დახმარების პროგრამებს და ასევე დაეხმარება მწარმოებლებს ახალი ბაზრების პოვნაში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ის შემთხვევებია, როდესაც დაბრკოლებები პროდუქტის ხარისხს არ უკავშირდება.
ფაშინიანმა დასძინა, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც ექსპორტირებული პროდუქცია ხარისხის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი უკვე მუშაობს ახალი საექსპორტო ბაზრების განვითარებაზე.
ნიკოლ ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა ექსპორტის ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სომხეთის ეკონომიკა არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ მიმართულებაზე.
„მთავრობამ უკვე გადაწყვიტა, რომ როდესაც ექსპორტისთვის უსამართლო ბარიერები წარმოიქმნება, ჩვენ განვახორციელებთ დახმარების პროგრამებს, განვახორციელებთ სუბსიდირების პროგრამებს ამ საქონლისთვის, რათა ჩვენი ეკონომიკა არ დაზარალდეს. ჩვენ არ შეგვიძლია დაბალი ხარისხის პროდუქციის ექსპორტი ჩვენი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების საზიანოდ. ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ბიზნესმენებს, რათა მათ შეძლონ თავიანთი პროდუქციის ხარისხის ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ჩვენი რამდენიმე ბიზნესდელეგაცია დღეს უკვე გაემგზავრა. ჩვენ მადლიერი ვართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სწრაფი რეაგირებისთვის და უკვე გვაქვს კონკრეტული წინადადებები ვარდების, ხილისა და ბოსტნეულის შესაძენად. ჩვენ როცა 100 ტონა წიწაკას ვაწარმოებთ, 90 ტონა ერთი მიმართულებით არ უნდა გავიტანოთ; 25 ტონა ოთხი მიმართულებით უნდა გავიტანოთ; შემდეგ – ხუთი, ექვსი, შვიდი მიმართულებით. ეს არის ფორმულა, რომელზეც ვსაუბრობდი: დამოუკიდებლობა არის უმცირესობაზე დამოკიდებულების ჩანაცვლება მრავალზე დამოკიდებულებით“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.