ბათუმში 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით არც ერთი ახალი საბავშვო ბაღი არ აშენდება. ამ დროს ათასობით ბავშვი საბავშვო ბაღის მიღმაა, კერძო ბაღის საფასური კი, თვეში მინიმუმ 450 ლარიდან იწყება.
პრობლემის შესახებ კარგად იციან ბათუმის მერიაში, თუმცა აქ წელს, მაგალითად, ხელფასების გაზრდა არჩიეს – 6,7 მილიონით – საბავშვო ბაღის აშენებას. საბავშვო ბაღების პრობლემაზე ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ არ დაელაპარაკნენ.
„ამ ეტაპისთვის რიგში მდგომი რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა – 776“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის პრესცენტრიდან.
„ეს არ არის სწორი, საბავშვო ბაღებში ძალიან ბევრი ბავშვია… მე კერძო ბაღში დამყავდა ბავშვი. სხვა გამოსავალი არ მქონდა… ვერაფერს ვერ ვცვლით ამ ეტაპზე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მოქალაქე ირმა მგელაძემ, რომელსაც მცირეწლოვან შვილთან ერთად ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ვესაუბრეთ.
ბათუმის ნებისმიერ უბანში რთული არაა იპოვო მშობელი, რომელიც გეტყვის, რომ მისი შვილისთვის ბაღში ადგილი არ მოიძებნა და იძულებული გახდა, კერძო ბაღში წასულიყო, ან კიდევ: ვიდრე ბავშვს ბაღში ადგილი მოუწია, ის უკვე სკოლის ასაკის გახდა.

ფოტოზე ირმა მგელაძე
„თურქეთში დავდივარ ჩაის საკრეფად, სეზონურ სამუშაოებზე ვმუშაობ და აქ ბავშვი კერძო ბაღში დამყავს. რა უნდა მექნა? ადგილები არაა. თამარის დასახლებაში ვცხოვრობ და არაა ადგილი,“ – გვითხრა მოქალაქე ირაკლი ქოქოლაძემ, „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვისას.
„რა შენდება საქართველოში ხალხისთვის? – არაფერი. ესაა რუსული პოლიტიკა: შენ მშიერი იქნები და ადვილად დაემორჩილები ბატონს“ – ამბობს ირაკლი ქოქოლაძე.
„არ აშენებენ საბავშვო ბაღს იმიტომ, რომ მოაკლდებათ ჯიბეზე,“ – გვითხრა მოქალაქე ელენე ლომაძემ.
„საერთოდ საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა ჩემი შვილი…
კერძო ბაღში ვერ ვატარე, მაშინ შესაბამისი ხელფასი უნდა მქონდეს, რომ ეს თანხა გადავიხადო – დაახლოებით 500 ლარი. მინიმალური პერიოდი იარა ჩემმა შვილმა ბაღში, როცა მას ადგილი მოუწია – ბაღი საერთოდ ვერ აღიქვა ბავშვმა.
ის პერიოდი, როდესაც ბავშვს ბაღში უნდა ევლო და ბავშვებთან ურთიერთობა ესწავლა, დაკარგა. მშობლებმაც ხომ უნდა იარონ სამსახურში? ზოგჯერ ბებია-ბაბუებიც დადიან სამსახურში.
„ოცნების“ ხელისუფლება გვეუბნება: მე ვცხოვრობ და თქვენ იარსებეთ, როგორც არის, ისე მოერგეთ სიტუაციას,“ – გვითხრა საბავშვო ბაღის თემაზე მოქალაქეების გამოკითხვის დროს კიდევ ერთმა მშობელმა.
ბათუმის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, 2026 წელს ახალი საბავშო ბაღის მშენებლობა დაიწყება ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ე.წ. ოცნების ქალაქში, სადაც აშენდება ორსართულიანი 300 ბავშვზე გათვლილი ადაპტირებული შენობა, თუმცა ამ საბავშვო ბაღის მშენებლობა 2025 წლის ბიუჯეტით დაიწყო 2025 წელს.
„მიმდინარეობს და 2026 წელს დასრულდება 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ნიკო მუსხელიშვილის ქუჩასა და ივანე მესხის ჩიხში. ბაღები ჯამში 240 აღსაზრდელზეა გათვლილი. 2026 წელს დასრულდება 6 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. რაც შეეხება დამატებით ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას, მიმდინარეობს ლოკაციების შესწავლა-შერჩევის პროცესი უბნების საჭიროების მიხედვით. შერჩევის დასრულების შემდეგ მოხდება შესაბამისი თანხის გათვალისწინება ბიუჯეტის კორექტირებისას,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან.
საბავშვო ბაღები რომ პრობლემაა, ამის შესახებ ბათუმის მერია 2026 წლის ბათუმის ბიუჯეტის პროექტშიც წერდა:
„ქალაქის განვითარებასთან ერთად მოთხოვნა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე დღითიდღე იზრდება. არსებული მუნიციპალური საბავშვო ბაღები რთულად უმკლავდებიან მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას, რაც ქმნის ახალი ბაღების მშენებლობის აუცილებლობას,“- წერდა ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში ბათუმის მერია.
„ეს არის ბიუჯეტის არასწორი განაწილება, არასწორი დაგეგმარება და პრობლემის არდანახვა…ეს არის თანასწორობის დარღვევა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფა.
ეს არის განათლების უფლების დარღვევა, რადგან სკოლამდელ აღზრდას მოიცავს განათლების კომპონენტი. სიღარიბისგან ბავშვების დაცვაზე შეგვიძლია ასევე ვილაპარაკოთ.
ეს ჰგავს რაღაც ვიწრო, მხოლოდ პირადი ინტერესების დაკმაყოფილებას, როცა მერიამ პრიორიტეტები დაალაგა და ბავშვებისთვის საბავშვო ბაღების აშენება მათი პრიორიტეტი არ აღმოჩნდა,“ – მიიჩნევს სოფო მენაბდიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი.
„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების არსებობა ბავშვის ადრეული განვითარებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეს არის ადგილი, სადაც ბავშვები იღებენ არაფორმალურ განათლებას, ხდება მათი სოციალიზაცია, გარემოში ადაპტირება, სხვადასხვა უნარის ჩამოყალიბება და მომზადება ფორმალური სასწავლო გარემოსთვის.
თავისი მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ არსებობდეს საჯარო ბაღები მისაწვდომად პროპორციულად – რამდენი ბავშვიც ცხოვრობს ამა თუ იმ ქალაქში. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ტერიტორიული მისაწვდომობა საბავშვო ბაღებზე,“ – გვეუბნება სოფო მენაბდიშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი.
იურისტი მიიჩნევს, რომ „ოცნების“ მთავრობა საბავშვო ბაღების პრობლემის ხაზგასმის დროს ცდილობს მის არასავალდებულოობაზე გააკეთოს აქცენტი. იგი გვესაუბრა იმაზეც, რომ საბავშვო ბაღების არსებობა პირდაპირ კავშირშია სიღარიბესთან და ბავშვთა შიმშილთან.
„ეს პრობლემა ხომ მხოლოდ ბათუმში არ არის? ზოგადად საქართველოში საჯარო ბაღების პრობლემაა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობები. იმიტომ, რომ მათ კიდევ ორმაგად და განსაკუთრებულად სჭირდებათ ეს სერვისი, რასაც სახელმწიფო უფასოდ სთავაზობს ბავშვებს.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი ბავშვების კომპონენტის გათვალისწინება, იმიტომ, რომ „იუნისეფის“ ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი არ იკვებება დაბალანსებულად და შიმშილობს. აქ სხვადასხვა კომპონენტია, რაც სიღარიბეს და კვებას განსაზღვრავს. ბაღების არსებობა, მათ შორის, ღარიბი ოჯახებისთვისაც, დიდწილად წარმოადგენს დახმარებას, იმ გაგებით, რომ ბავშვები იკვებებიან ბაღში და იღებენ დაბალანსებულ საკვებს,“ – გვითხრა სოფო მენაბდიშვილმა.
მისი აზრით, სახელმწიფო ბავშვების საჭიროებებს ვერ ხედავს:
„ამ ვითარებაში როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ხელისუფლება ბავშვებს უყურებს? სახელმწიფო ვერ ხედავს ბავშვებს ვერც განათლების სისტემაში, ვერც მართლმსაჯულებაში, ვერც ქუჩაში. ხელისუფლება ვერც ავადმყოფ ბავშვებს ხედავს. არც ჯანდაცვაა ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული.
მე არ მახსენდება არც ერთი სფერო, სადაც უფლებრივი მდგომარეობის კუთხით ბავშვებს რაღაც კარგად აქვთ. ვერცერთ სფეროს ვერ დაგისახელებთ ასეთს,“ – გვითხრა სოფო მენაბდიშვილმა.
„საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა რომ პრობლემაა, ეს ჩანს სახელმწიფოს მიერ მიღებულ არაერთ დოკუმენტში, მათ შორის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს განვითარების სტრატეგიაში. ხელმისაწვდომობის საკითხი პრობლემატურია, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე ცოტა მოშორებულ რეგიონებში. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშიც არის ეს გამოწვევა,“ – გვეუბნება ნათია ჯოხაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის [იუნისეფის] საქართველოს ოფისის განათლების სექციის ხელმძღვანელი.
„იუნისეფი“ წლებია მუშაობს ხელისუფლებასთან იმაზე, რომ ქალაქში თუ სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის საბავშვო ბაღები, პირველ რიგში, არსებობდეს და, ასევე, გაიზარდოს სწავლის ხარისხი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.
„კანონმა სკოლამდელი განათლების შესახებ, რომელიც 2015 წელს იქნა მიღებული „იუნისეფის“ ხელშეწყობით, დააჩქარა და გაზარდა ცნობიერება სკოლამდელი აღზრდის და განათლების მნიშვნელობის შესახებ. ეს არის ხარისხის, კვების, ინფრასტრუქტურის სტანდარტი…
დღეს ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით. შესაძლებელია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სპეციფიკის გათვალისწინება და ისეთი მოდელების შექმნას, რომელიც საშუალებას მისცემს ბავშვებს ჩაერთონ ადრეული განათლების და განვითარების პროცესში. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სივრცეში მოწყობილი ადრეული განვითარების ჯგუფი, ასევე, ოჯახის მიერ შექმნილი შეთავაზება, ვთქვათ, თანასოფლელი ბავშვებისთვის, ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ხარისხზე ორიენტირებული… აქ ლაპარაკია ასევე აღმზრდელის, პედაგოგის მომზადებაზე, მათ გადამზადებასა და გაძლიერებაზე. ჩვენ, გაეროს ბავშვთა ფონდი, ცხადია, ვეხმარებით სახელმწიფოს, რომ ხელმისაწვდომობა და ხარისხი იყოს უზრუნველყოფილი სხვადასხვა მოდელების შეთავაზებით.
ესაა პერიოდი, როდესაც ყალიბდება ბავშვის მრავალი უნარი: კოგნიტიური, ემოციური, სოციალური და ასე შემდეგ, ამიტომ ხელმისაწვდომობა ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ბავშვისთვის. ეს ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავიგოთ, მათ შორის, მშობლებმაც და ფართო საზოგადოებამაც,“ – თქვა ნათია ჯოხაძემ.