ბათუმის შესასვლელში არსებულ რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე გზების რეაბილიტაცია იგეგმება.

შესაბამისი ტენდერი ბათუმის მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. შესყიდვის ჯამური ღირებულება 29.548 მლნ ლარია.

კერძოდ, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, დაგეგმილია ბაქოსა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩების, ასევე, თბილისის ქუჩის დასაწყისამდე თამარ მეფის გამზირის რეაბილიტაცია.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 11 თებერვალს დაიწყება და 16 თებერვლამდე გაგრძელდება. შემსყიდველი კომპანიის მიერ წარმოდგენილი პირობების მიხედვით, პროექტი 2027 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

სარეაბილიტაციო გზა ოთხ მონაკვეთადაა დაყოფილი, მისი ჯამური სიგრძე კი 6.2 კილომეტრია.

I მონაკვეთი - 1.4 კმ;
II მონაკვეთი - 1.6 კმ;
III მონაკვეთი - 2.4 კმ;
IV მონაკვეთი - 0.7 კმ.
სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ პროექტი ბათუმის შესასვლელი ზოლის განახლებას ისახავს მიზნად, ვინაიდან, არსებული ინფრასტრუქტურა მოსახლეობის შეუფერხებელ გადაადგილებას უშლის ხელს.

"აღნიშნული კონფიგურაცია იწვევს საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვან რისკებს - მძღოლებისთვის რთულად აღქმადი ტრაექტორია განსაკუთრებით წვიმისა და ცუდი ხილვადობის პირობებში ქმნის საავარიო სიტუაციებს", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი