ყოველ 100 პენსიონერზე საქართველოში 100-120 დაქირავებით დასაქმებული მოდის, როცა სტანდარტი 280-320-ის ფარგლებშია. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რაც მოსახლეობის დაბერებას განაპირობებს. რეალურად  საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომლის მოსახლეობაც საკმაოდ სწრაფი ტემპით ბერდება. ქვეყანაში ყოველი მეექვსე ადამაინი, ანუ თითქმის 17%, 65 წელს გადაცილებულია. ტენდენცია თუკი გაგრძელდება, არ არის გამორიცხული, პენსიის ზრდის შესაძლებლობა შეიზღუდოს. 

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის დაბერებასთან  დაკავშირებით ორიოდე დღის წინ  გაეროს მოსახლეობის ფონდის ორგანიზებით  სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც ღონისძიებაზე ითქვა, მოსახლეობის დაბერება ზემოქმედებს საზოგადოების თითქმის ყველა ასპექტზე და მას შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოწვევა ეკონომიკაში, შრომის ბაზარსა და სოციალური დაცვის, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებში. მონაცემთა ხელმისაწვდომობისა და საჭიროებების შეფასების მიზანია საქართველოში დაბერებასთან დაკავშირებული სტატისტიკისა და ადმინისტრაციული მონაცემების შეგროვებისა და აღრიცხვის პროცესის ხარისხის გაუმჯობესება.

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის შეფასებით, საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა პენსიაზე გასვლის შემდეგ ძალიან მოკრძალებულია და განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს 2,5-3-ჯერ ჩამორჩება.

,,მოსახლეობის დაბერება პრობლემაა, პირველ რიგში, იქიდან გამომდინარე, რომ შობადობის დონე საქართველოში შემცირდა. ბოლო რამდენიმე წელია სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბადებას აჭარბებს. ასევე მიგრაციული სალდო უარყოფითია, ქვეყნიდან გადის მეტი მოქალაქე, ვიდრე შემოდის. აქაც სტატისტიკა ზუსტ სურათას არ აჩვენებს, ერთ მხარეზე თუ განვიხილავთ საქართველოს მოქალაქეებს და არარეზიდენტებს, გაცილებით მეტი ადგილობრივი გადის და  მათ ადგილს სხვა ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეები იკავებენ. გასულთა შორის ძალიან მაღალია შრომისუნარიანი მოქალაქეები.

მოსახლეობის მედიანური ასაკი იზრდება. თუ 90-იანი წლების დასაწყისში ეს იყო 31 წელი, ახლა უკვე 38 წელს გადასცდა, რაც ,,რეკორდია“ ჩვენს ყველა სახმელეთო მეზობელთან შედარებით. მოსახლეობა დაბერებულად ითვლება, თუ 65 წელს გადაცილებულთა წილი  მოსახლეობაში 7%-ს აღემატება, ჩვენს შემთხვევაში, კრიტიკულ ზღვარს ორჯერ და მეტადაც აჭარბებს“, - ამბობს სტატისტიკოსი.

სოსო არჩვაძის თქმით, მოსახლეობის დაბერებას აქვს არა მარტო  დემოგრაფიული და  კულტურული ასპექტი, ასევე ეკონომიკურიც, ვინაიდან  ასაკოვანი მოსახლეობა იზრდება, ვისაც უნდა მივხედოთ და ვუპატრონოთ, ხოლო ვინც დოვლათს ქმნის, მისი წილი მცირდება.

,,ქვეყანას სჭირდება აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკა. ქვეყანა რამდენადაც გამოირჩევა ეკონომიკური განვითარების დონით, მით უფრო მაღალია საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა. მაგალითად, ნორვეგიაში ეს მაჩვენებელი 2-ჯერ მაღალია ვიდრე, ვთქვათ, ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური განვითარების დაბალი დონეა. აქ გადამწყვეტ როლს ასრულებს სრულფასოვანი კვება, ჯანდაცვის სისტემის განვითარება, სოციალური ფონი და სხვა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე პენსიონერების რაოდენობა ქვეყანაში, ამ მაჩვენებლის ზრდა ერის დაბერებას გულისხმობს. ამიტომ დემოგრაფიული ვითარებისთვის გაცილებით უკეთესი იქნება, თუკი ახალგაზრდა და შუახნის ხალხი მეტი იცხოვრებს ქვეყანაში. დროთა განმავლობაში ეს გახდება მძიმე სოციალური ტვირთი ხელისუფლებისთვის. ბუნებრივია, რაც მეტი შესანახია და რაც მეტ ადამიანზე უნდა გაიცეს პენსია, ეს მომსავალში შეზღუდავს პენსიის გაზრდის შესაძლებლობას და შეიძლება ამ მხრივაც პრობლემა დაგვიდგეს, რაც სავსებით რეალურია“, - განაცხადა  არვაძემ.

მოსახლეობის დაბერების გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ დემოგრაფებიც. როგორც პროფესორმა ავთო სულაბერიძემ აღნიშნა, ამ მხრივ ნეგატიურ როლს ასრულებს უარყოფითი მიგრაციული სალდო და შობადობის დაბალი მაჩვენებელი, რაც მხრივაც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში მდგომარეობვა საკმაოდ მძიმეა.

„მოსახლეობა ბერდება, როცა ქვეყანაში მიგრაციის სალდო უარყოფიათია, ანუ მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის, ეს ძალიან უარყოფითი მოვლენაა. საზღვარგარეთ შუა ასაკის ხალხი და ახლგაზრდები გადიან ძირითადად და მათ ადგილს უცხო ქვეყნების მოქალაქეები იკავებენ. როდესაც ხანდაზმულთა რაოდენობა იზრდება, ცხადია, მათი საპენსიო უზრუნველყოფის პრობლემაც დგება.

საქართველოში დაბალია შობადობის მაჩვენებელი, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით მაინც მაღალი რჩება ჩვილთა სიკვდილიანობა. არის რაღაც დადებითი ძვრები, მაგრამ უფრო მეტი უარყოფითი ტენდენციაა, რომელიც უნდა გამოსწორდეს. 70-იან წლებში საქართველოში უფროსი თაობის ადამიანებთან შედარებით, 300 000-ით მეტი ბავშვი იყო, ერთ-ერთი ბოლო მონაცემებით კი მოხუცები ბავშვებს თითქმის 100 000-ით და მეტადაც  აღემატებოდნენ. ეს მეცნიერულ ენაზე ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა გადაბერებულია.

დღეს მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერება მსოფლიო განვითარების გლობალური საკითხი გახდა. ქვეყნებში, სადაც ახალგაზრდა მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, მწვავედ დგება შეიარაღებული ძალების შევსებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის პრობლემაც. ახალგაზრდა მოსახლეობა არის არა მარტო მატერიალური დოვლათის შექმნის წყარო, არამედ იგი სახელმწიფოს  ეროვნულ სიძლიერეს წარმოადგენს“, - დასძინა დემოგრაფმა.

რაც შეეხება დემოგრაფიულ სურათს გლობალურ ჭრილში, როგორც გაეროს ერთ-ერთ ანგარიშშია აღნიშნული, მსოფლიოს მოსახლეობა პიკს 2080-იანი წლების შუა პერიოდში მიაღწევს.

ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს 8,2 მლრდ ადამიანიდან მომდევნო 60 წლის განმავლობაში ეს რიცხვი 10,3 მლრდ იქნება. 2100 წელს კი, მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა, სავარაუდოდ, 6%-ით ანუ 700 მლნ-ით ნაკლები იქნება, ვიდრე ათი წლის წინ იყო მოსალოდნელი.

2070-იანი წლების ბოლოსთვის პროგნოზირებენ, რომ 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანთა რიცხვი გადააჭარბებს ბავშვების რაოდენობას (18 წლამდე), ხოლო 80 წლის და მეტი ასაკის ადამიანების რაოდენობა უფრო მეტი იქნება, ვიდრე ჩვილების რაოდენობა. 2030-იანი წლების შუა პერიოდისთვის იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ჯერ კიდევ სწრაფად იზრდებიან და ჰყავთ შედარებით ახალგაზრდა მოსახლეობა, მოსალოდნელია, რომ მომდევნო 30 წლის განმავლობაში 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანთა რიცხვი გაიზრდება.

წყარო: რეზონანსი