ეროვნულმა ბანკმა საბროკერო კომპანია სს „ჰერითიჯ სიქიურითიზი“ არასწორად წარდგენილი დოკუმენტაციის გამო დააჯარიმა. 

„საბროკერო კომპანიის მიერ შემოწმების პროცესში დაფიქსირდა, შემმოწმებელთა ჯგუფისთვის კლიენტთან დადებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის (დანართი №2) არასწორად წარმოდგენის 1 (ერთი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებული „პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესი“-ს 5¹ მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

საბროკერო კომპანია სს „ჰერითიჯ სიქიურითიზის“ დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

სს „ჰერითიჯ სიქიურითიზი“ 2009 წლიდან ფუნქციონირებს. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, საბროკერო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბანკირი და ბიზნესმენი ვლადიმერ გურგენიძეა. საბჭოს წევრები არიან მიხეილ გვენცაძე და თენგიზ ლაშხი.