აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო „საზღვაო ტურისტული სეზონის“ გახსნის ორდღიანი ფესტივალის „ზაფხული იწყება აქ“ ფარგლებში მოწვეულ 16 DJ-სა და მუსიკალურ ჯგუფს ჰონორარის სახით ჯამში 144 ათას 500 ლარს გადაუხდის.
აქედან „ურსას“ – 30 ათასი ლარი, „კახაბერი და ხანუმები“ – 25 ათასი, „სინთეზი“ – 20 ათასი, „მიქსტურა“ – 16 ათასი, New one – 13 ათასი ლარი და ა.შ.
აჭარის სააგენტომ ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძველზე, ჰონორარების ტენდერის გარეშე გადახდის თანხმობისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განაცხადით უკვე მიმართა.
ფესტივალის ჩატარება 2026 წლის 20-21 ივნისს არის დაგეგმილი, თუმცა „თარიღი შეიძლება გადატანილ იქნეს ამინდის გათვალისწინებით“.
„აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალურად გახსნისა და დაანონსების მიზნით ქალაქ ბათუმში მიმდინარე წლის 20-21 ივნისს ჩატარდება ფესტივალი „ზაფხული იწყება აქ“.
ზაფხულის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ფერადი ფესტივალია, რომელიც უკვე წლებია იმართება ბათუმში, ანბანის კოშკისა და საოცრებათა პარკის მიმდებარედ.
ორდღიანი ფესტივალის მუსიკალური ნაწილი გათვლილია სხვადასხვა ასაკისა და მუსიკალური გემოვნების ადამიანებზე, იქნება მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა“, – წერია „ექსკლუზიური უფლების ფარგლებში გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის ბრძანებაში.
ამავე ბრძანებით ირკვევა, რომ შემსრულებლები „სააგენტოს მიერ ორგანიზებულ გასულ ფესტივალებში მონაწილე შემსრულებლების გამოსვლაზე მაყურებელთა სიმრავლითა და საზოგადოების მხრიდან მოწონების, აგრეთვე მათი შემოქმედების, რეპერტუარის, მაღალი რეიტინგისა და ცნობადობის გათვალისწინებით“ შეარჩიეს.
- სააგენტოს მიერ შერჩეული არიან:
DJ Chiki [არჩილ დავითაძე] – ჰონორარი 2 000 ლარი [საკონცერტო შესრულება]
DJ Nugo [ნუგზარ ხიმშიაშვილი] – 2 000 ლარი [1 საათიანი პროგრამა]
DJ ბენე [გიორგი ცინცაძე] – 2 000 ლარი [2-სააათიანი პროგრამა]
DJ Guri de sal [გური სალუქვაძე] – მომსახურების ღირებულება 4 000 ლარი [ღონისძიების მუსიკალური გაფორმება, 2-სააათიანი პროგრამა].
- ასევე მუსიკალური ჯგუფები:
Ocean drive – ჰონორარი 3 000 ლარი
Latino orchestra – 3 000 ლარი
4up – 3 000 ლარი [40 წუთიანი პროგრამა]
Why not – 3 000 ლარი [40 წუთი]
La fiesta – 3 000 ლარი [40 წუთი]
Emotion – 4 500 ლარი [მუსიკალური გაფორმება, 40 წუთიანი პროგრამა]
„სინთეზი“ – 20 000 ლარი [6 ადამიანის ჰონორარი, ტრანსპორტის, ღამისთევის, კვების ხარჯები; 1-საათიანი პროგრამა]
„მიქსტურა“ – 16 000 ლარი [5 ადამიანის ჰონორარი, ტრანსპორტის, ღამისთევის, კვების ხარჯები]
„ურსა“ – 30 000 ლარი [5 ადამიანის ჰონორარი, ტრანსპორტის, ღამისთევის, კვების ხარჯები; 1-საათიანი პროგრამა]
კახაბერი და ხანუმები – 25 000 ლარი [ჰონორარი, ტრანსპორტირება, სასტუმრო, კვება]
¼ და ლინდა ადამია – 10 000 ლარი [5 ადამიანის ჰონორარი, ტრანსპორტის, ღამისთევის, კვების ხარჯები; 1-საათიანი პროგრამა]
New one – 13 000 ლარი [5 ადამიანის ჰონორარი, ტრანსპორტის, ღამისთევის, კვების ხარჯები]
ჰონორარების ოდენობები აღებულია იმ ინვოისებიდან, რომლებიც აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაუგზავნა.
შესყიდვების სააგენტოში საკითხის განხილვის საბოლოო თარიღად 2026 წლის 16 ივნისია დაფიქსირებული.