სებ-ის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე.წელს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შესყიდვები შარშანდელ წმინდა გაყიდვებს ბევრად აჭარბებს, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში 2024 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
სებ-ის წლიური ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ჭრილში საერთაშორისო რეზერვების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა რეზერვების დაგროვებისკენაა მიმართული.
,,საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 4.4 მლრდ აშშ დოლარი იყო. 2024 წლის დასაწყისში ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სავალუტო ინტერვენციების გზით საერთაშორისო რეზერვების შევსება ხორციელდებოდა. წლის მეორე ნახევარში მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები, რაც გაცვლით კურსს აყალიბებს, ძლიერი იყო. თუმცა, გაურკვევლობის ფონზე, სავალუტო ბაზარზე ფუნდამენტური ფაქტორებისაგან განსხვავებული მოლოდინები ჩამოყალიბდა და ჭარბი მერყეობა წარმოიქმნა. ამ ფაქტორებს გაცვლით კურსზე მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა ჰქონდა და წლის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შევსება კვლავ განაახლა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, 2025 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოს ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა 4.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
„თუკი წინა წელს წმინდა გაყიდვებმა შეადგინა 434,75 მილიონი დოლარი, წელს ჩვენი წმინდა შესყიდვები, უკვე ბევრად მეტია, ვიდრე შარშანდელი წლის წმინდა გაყიდვები. 2025 წელს ვახორციელებთ სავალუტო შესყიდვებს, რომელსაც ეტაპობრივად ვაქვეყნებთ ყოველთვიურად. ხაზგასმით ვიტყვი, რომ წელს ჩვენ არ გაგვიყიდია, მხოლოდ ვყიდულობთ და 2025 წლის დასაწყისიდან უფრო მეტი ვიყიდეთ, ვიდრე გასულ წელს წმინდა გაყიდვა გვქონდა“, - დასძინა მან.
ნათია თურნავას განმარტებით, წელს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შესყიდვები შარშანდელ წმინდა გაყიდვებს ბევრად აჭარბებს, ამასთან სებ-ი აგრძელებს რეზერვების შესყიდვებს, რომლის შესახებაც უახლესი სტატისტიკა მაისის ბოლოს გამოქვეყნდება.
სებ-ის პრეზიდენტმა სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და საკუთარი გამოსვლის ფარგლებში დაასახელა კონკრეტული რიცხვები, თუ რამდენით გაიზარდა ოქროს ღირებულება ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული ოქროს შეძენიდან.
,,სარეზერვო აქტივების ეფექტური მართვაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამ მიზნით გასულ წელს სებ-მა სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია განახორციელა და 2024 წლის მარტში ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ოქრო შეიძინა. 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, დაახლოებით 99 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2024 წლის დეკემბრის შემდეგ ოქროს ფასი გლობალურად მნიშვნელოვნად გაზრდილია, აპრილის მდგომარეობით ჩვენი ოქროს ღირებულება შეძენის თარიღთან შედარებით 257.7 მილიონით არის გაზრდილი. ეს ფაქტი ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.