„მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია სიღრმისეული კვლევისა და პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად სანქციების რეჟიმების მარეგულირებელ წესში იმგვარი ცვლილების შეტანა, რაც თავიდან აგვარიდებს სანქციების შესაძლო დარღვევიდან გამოწვეულ საფრთხეებს და ორგანიზაციის რეპუტაციისთვის დამატებითი ზიანის მიყენებას“, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების პეტიციაში, რომელიც, ოპოზიციის მტკიცებით, სუს-ის მუქარის გამო ვერ გამოაქვეყნეს. აღნიშნულ პეტიციას ტელეკომპანია „მთავარი“ აქვეყნებს.
„საქართველოს ეროვნული ბანკი პროფესიონალებით დაკომპლექტებული საჯარო ინსტიტუტია, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ტრადიციულად, როგორც ორგანიზაციის შიგნით განხილვების, ისე ფინანსურ სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად მიიღებოდა. ამის გათვალისწინებით, ჩვენი განსაკუთრებული დემორალიზება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ასეთი გავლენის მქონე გადაწყვეტილება ერთპიროვნულად იქნა მიღებული, რამაც სამივე ვიცე-პრეზიდენტის გადადგომა გამოიწვია. ამასთან, კითხვის ნიშნები გაჩნდა სებ-ის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაც აისახა კიდეც ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მყისიერ გამოხმაურებაში.
ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მოვალეობის შესრულებას ეროვნულ ბანკში იმ მოლოდინითა და მოტივაციით, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შესაბამისი მხარეების ჩართულობით იქნება მიღებული. მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია სიღრმისეული კვლევისა და პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად სანქციების რეჟიმების მარეგულირებელ წესში იმგვარი ცვლილების შეტანა, რაც თავიდან აგვარიდებს სანქციების შესაძლო დარღვევიდან გამოწვეულ საფრთხეებს და ორგანიზაციის რეპუტაციისთვის დამატებითი ზიანის მიყენებას. პატივს ვცემთ ორგანიზაციიდან წასული კოლეგების გადაწყვეტილებას.მნიშვნელოვანწილად სწორედ მათი შრომისა და პროფესიონალიზმის შედეგია სებ-ის რეპუტაციის კიდევ უფრო გაძლიერება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ", - ნათქვამია „მთავარის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.