საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონისა და შესაბამისი რეგულაციების დარღვევის გამო ვალუტის გადამცვლელი პუნქტები შპს „მ+“ და შპს „TETIS TRUST“-ი დააჯარიმა. სების გადაწყვეტილებით, ფულადმა ჯარიმამ ჯამში 228 600 ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტით შპს „მ+“-ის დარღვევები შემდეგია:

  • აღრიცხვის წესების დარღვევა: ყველაზე მასშტაბური დარღვევა კლიენტებისა და გარიგებების შესახებ ინფორმაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში აღურიცხაობის 28 ფაქტია. მხოლოდ ამ მუხლით კომპანიას 196 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.
  • პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზები: დანერგილი პროგრამული სისტემა ვერ უზრუნველყოფს საეჭვო, უჩვეულო და დანაწევრებული გარიგებების გამოვლენას, ასევე ვერ ახდენს პირთა შემოწმებას სანქცირებულთა და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში. ეს დარღვევა 10 000 ლარით შეფასდა.
  • ანგარიშგების დარღვევა: ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ინფორმაციის წარდგენის წესის დაუცველობა (2 ფაქტი) და ინფორმაციის წარუდგენლობა (1 ფაქტი) ჯამში 2 600 ლარი დაჯდა.
  • შიდა კონტროლი და იდენტიფიკაცია: შიდა ინსტრუქციის არარსებობისა და კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის გამო კომპანია დამატებით 5 000 ლარით დაჯარიმდა.

შპს „TETIS TRUST“-ს დარღვევები:

  • პროგრამული ხარვეზები: სისტემა ვერ ახდენდა უჩვეულო და ურთიერთდაკავშირებული გარიგებების იდენტიფიცირებას, ასევე პირთა გადამოწმებას შესაბამის „შავ სიებში“ (10 000 ლარი).
  • შიდა ინსტრუქცია: კომპანიის შიდა პოლიტიკა არ შეესაბამებოდა კანონმდებლობას და ეყრდნობოდა მოძველებულ ნორმატიულ აქტებს (3 000 ლარი).
  • კლიენტის იდენტიფიკაცია: კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის ერთი შემთხვევა (2 000 ლარი).