საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წლის აგვისტოდან ყოველდღიურად აქვეყნებს ფულადი ბაზრის ძირითად ინდექსს - თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს (TIBR).
სანდო და გამჭვირვალე მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული TIBR ინდექსი საფინანსო ბაზრის მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს უკეთ მართონ საპროცენტო რისკები. საფინანსო ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2019 და 2021 წლებში თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს დაემატა TIBR ვადიანი და TIBR ნაზარდი ინდექსები.
განვლილი წლების განმავლობაში პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით, 2025 წელს განხორციელდა TIBR ინდექსის გაანგარიშების მეთოდოლოგიის შეფასება და დაისახა მისი გაუმჯობესების გზები. შედეგად შემუშავდა ცვლილებები „TIBR ინდექსების გაანგარიშების წესში“, რომლის მიხედვით, TIBR განაკვეთის გაანგარიშებაში ნაცვლად აქამდე არსებული ბანკთაშორის გარიგებების რაოდენობის 70%-ისა მონაწილეობას მიიღებს გარიგებების მოცულობის 80%. გარდა ამისა, დაიხვეწა TIBR განაკვეთის გაანგარიშების სარეზერვო გეგმის დათვლის მეთოდოლოგიაც. ბრძანების პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შედეგად, გაანგარიშებული TIBR განაკვეთი უფრო ზუსტად და დროულად ასახავს ბანკთაშორის ფულად ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთს და შესაბამის ცვლილებას.
TIBR ინდექსების გაანგარიშების წესში ცვლილებები ფულადი ბაზრის მონაწილეებთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა. ასევე, გათვალისწინებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხაზინის სამსახურის სპეციალისტთა რჩევები და სხვა განვითარებული ფინანსური ბაზრის პრაქტიკული გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ TIBR ინდექსების განახლებული მეთოდოლოგიის შემოღებასა და TIBR ვადიანი ინდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პრესრელიზები - რელიზი1 | რელიზი2
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს