ჩვენი პროგნოზით, ელ.კომერციის ბაზარი შეინარჩუნებს ორნიშნა ზრდის ტემპს (20.5%-იანი საშუალო წლიური ზრდა) და 2030 წლისთვის 10.7 მლრდ ლარს მიაღწევს. ამის შესახებ კვლევას  Galt & Taggart-ი აქვეყნებს.

E-commerce-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ საცალო ვაჭრობის ბრუნვაში ელ-კომერციის წილი 2030 წლისთვის 13%-მდე გაიზრდება (vs 8.0% 2025 წლის პირველ ნახევარში), ევროკავშირის დინამიკის მსგავსად. ამასთან, მომსახურების სექტორში ელ.კომერცია უკვე შედარებით გაჯერებულია, რის გამოც უფრო დაბალ ზრდის ტემპს ვპროგნოზირებთ. შედეგად, 2030 წლისთვის ჯამურ ელ.კომერციაში საქონლით ვაჭრობის წილი გაიზრდება 63.0%-მდე (2024 წლის 54.3%-დან), ხოლო მომსახურებების წილი შემცირდება 37.0%- მდე (2024 წლის 45.7%-დან).

"ჩვენი შეფასებით, ელ-კომერციის ბაზრის ზრდას ხელს შეუწყობს როგორც მიწოდების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე მომხმარებელთა რაოდენობისა და შესყიდვის ინტენსივობის ზრდა. აღნიშნული ტენდენციები, წინა წლების მსგავსად, განპირობებული იქნება ურბანიზაციის გაგრძელებით, ახალგაზრდა თაობის ციფრული ჩვევებით, ინტერნეტისა და სმარტფონების ფართო გავრცელებით, საბანკო ბარათების ფლობის ზრდით და მოსახლეობის შემოსავლების მატებით.

ბაზარზე წარმატებას განსაზღვრავს ოთხი ძირითადი ფაქტორი: ფასი, ასორტიმენტი, მომხმარებლის გამოცდილება და მიწოდების სისწრაფე. ჩვენი შეფასებით, იმ მოთამაშეებს, რომლებიც შეძლებენ ოთხივე კომპონენტის ეფექტურად შეთავაზებას, ბაზარზე პოზიციის მნიშვნელოვნად გაძლიერების შესაძლებლობა ექნებათ,"- ნათქვამია Galt & Taggart-ის კვლევაში. 

კვლევის მიხედვით, საქართველოში ელექტრონული კომერციის ბაზარი 2018- 24 წლებში გაათმაგდა. 2024 წელს, ინტერნეტის მეშვეობით შესყიდული საქონლისა და მომსახურების ღირებულებამ 3.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 10-ჯერ მეტია 2018 წლის (0.3 მლრდ ლარი) და 3-ჯერ მეტი 2021 წლის (1.1 მლრდ ლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. კვლევაში აღნიშნულია,რომ ზრდა 2025 წელსაც გაგრძელდა და  წლის პირველ ნახევარში ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 2.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წლიური 40.6%-იანი ზრდაა.

გარდა ამისა, საქართველოში დაახლოებით 10,000 კომპანია ყიდის პროდუქციას ონლაინ, აქედან 57.8% იყენებს მესამე მხარის პლატფორმებს (Wolt, Glovo, Yandex, Bolt, Veli.Store, Extra.ge). კომპანიები ონლაინ
გაყიდვისთვის ხშირად მიმართავენ შერეულ ტაქტიკას და პროდუქციას ყიდიან როგორც საკუთარ ვებ-გვერდზე, ასევე მესამე მხარის პლატფორმაზე. კერძოდ, 2024 წლის მონაცემებით, ონლაინ მოვაჭრე კომპანიების 42.2% იყენებს მხოლოდ საკუთარ ვებგვერდებს, 30.6% მხოლოდ მესამე მხარის პლატფორმებს, ხოლო 27.2% მიმართავს ორივე გზას.

"პროგრესის მიუხედავად, საქართველო კვლავ ჩამორჩება ევროკავშირის მაჩვენებელს ონლაინ მოვაჭრეთა მაჩვენებლით. 2024 წელს, ელექტრონულ კომერციაში ჩართული კომპანიების წილი საქართველოში მხოლოდ 4.0% იყო, ევროკავშირში კი 20.6%. მსხვილი კომპანიების შემთხვევაში განსხვავება მნიშვნელოვნად მცირდება, საქართველოში მსხვილი კომპანიების 26.6% აქვს ონლაინ გაყიდვები, ხოლო ევროკავშირში 31.4%. ეს კი მიუთითებს, რომ ზრდის უდიდესი პოტენციალი მცირე და საშუალო ზომის კომპანიებშია,"-აღნიშნულია კვლევაში.