საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვრის 750 000-დან 1 000 000 ლარამდე გაზრდა ძირითადად იურიდიული პირების სეგმენტს, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესს და კორპორაციულ სესხებს შეეხება.
როგორც BMG-სთან ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი აცხადებს, შედეგად მიმდინარე წლის ბოლომდე სესხებში დოლარიზაციის დონე დღეს არსებული დაახლოებით 42%-იანი მაჩვენებლიდან შესაძლოა, 37-38%-მდე შემცირდეს.
“როდესაც დედოლარიზაციის შესახებ ეროვნულმა ბანკმა პირველი განაცხადი გააკეთა, მაშინ 100 000 ლარიანი ლიმიტი დაამტკიცა. მაშინვე გაჟღერდა, რომ ნელ-ნელა 1 მილიონ ლარამდე ავიდოდა ეს ზღვარი. აქამდე არსებულ ზღვარს, 750 000 ლარს და 1 მილიონ ლარს შორის ძალიან მცირე რაოდენობის ფიზიკური პირები ხვდებიან. მეტწილად შესაძლებელია, რომ ამან გავლენას იქონიოს SME და კორპორაციული სესხების სეგმენტზე.
რეალურად რამხელა ეფექტი ექნება ამ რეგულაციას, ამ ეტაპზე ამისი თქმა გაგვიჭირდება, თუმცა დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით ნამდვილად ეფექტს მივიღებთ და ამას უკვე სექტემბრისთვის დავინახავთ. ეს ზღვარი პირდაპირ გავლენას მოახდენს იურიდიული პირების [სესხების] დოლარიზაციის შემცირებაზე. თუ კი წლის ბოლოს დაახლოებით 38-37%-ის ფარგლებში ჩამოვალთ საკრედიტო პორტფელში დოლარიზაციის მაჩვენებლით, მგონი ეს ძალიან კარგი შედეგი იქნება საფინანსო სისტემისთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც”, - განაცხადა დავით რუსიამ.
ცნობისთვის, 1-ელი ივლისიდან ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, მათ, ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი მილიონ ლარამდე მოცულობის სესხს უცხოურ ვალუტაში ვეღარ აიღებს. 2025 წლის აგვისტოდან ამ დრომდე აღნიშნული ზღვარი 750,000 ლარს შეადგენდა.
როგორც ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი აცხადებდა, ეს ცვლილება წლიურად დაახლოებით 200 მლნ დოლარის სესხების პორტფელს შეეხება.