ლარის საიუბილეო წლის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის გამოცემა განაახლა.

ეროვნული ბანკის პირველი ანალიტიკური ჟურნალი „ბანკი“ ჯერ კიდევ 25 წლის წინ დაარსდა. შემდგომში გამოდიოდა ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმე“, ამიერიდან კი ქართულ და ინგლისურ ენებზე, ახალ ფორმატში, გამოვა ჟურნალი „მონეტარული ეკონომიკა“.

ჟურნალი წარმოადგენს აკადემიურ რესურსს მონეტარული პოლიტიკით, საბანკო და ზოგადად ფინანსური სექტორით, ფინანსური ტექნოლოგებით და კაპიტალის ბაზრების განვითარებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის. ეს იქნება ერთგვარი პლატფორმა, რომელიც საინტერესო და სიღრმისეული დიალოგის წარმართვის შესაძლებლობას ქმნის.

„მოხარული ვარ, რომ ლარის საიუბილეო თარიღს მნიშვნელოვანი სიახლით ვხვდებით - ეროვნული ბანკი განახლებული სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის გამოცემას იწყებს. ვიმედოვნებთ, რომ განახლებული გამოცემა თავის წვლილს შეიტანს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ეკონომიკურ დისკურსში. მინდა წარმატებები ვუსურვო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიასა და ავტორებს“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

ჟურნალის მთავარი რედაქტორია პროფესორი მერაბ კაკულია.

გამოვიდა გამოცემის პირველი ნომერი, რომელიც მთლიანად საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა მიერაა მომზადებული. ნომერში იხილავთ შემდეგ სტატიებს: ლარის სახელწოდებისა და დიზაინის ისტორიისთვის; საქართველოს პოტენციური გამოშვების ალტერნატიული შეფასებები; ნეიტრალური (R-STAR) და ბუნებრივი (R-BAR) საპროცენტო განაკვეთების შეფასება საქართველოსთვის; ბიზნეს სესხების ზრდის წვლილი ეკონომიკურ აქტივობაში; ღია ბანკინგი საქართველოში და ღია ფინანსების მომავალი. ჟურნალის მოდევნო ნომერი მიმდინარე წლის სექტემბერში გამოვა. რედაქცია სტატიებს გარე ავტორებისგანაც მიიღებს. ჟურნალს თან ახლავს დეტალური ინფორმაცია სტატიების სტრუქტურისა და წყაროების მითითების წესის შესახებ.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს