მაგნიტსკის აქტი (ინგლ. Magnitsky Act) ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული კანონპროექტია, რომელსაც ხელი ბარაკ ომაბამ 2012 წელს მოაწერა. თავდაპირველად, კანონის მიზანი იყო რუსეთის მაღალი თანამდებობის იმ პირების დასჯა, რომლებიც დამნაშავები არიან 2009 წელს მოსკოვის ციხეში რუსი საგადასახადო ადვოკატის სერგეი მაგნიტსკი მკვლელობაში.
2017 წლიდან მაგნიტსკის აქტი გლობალური გახდა, რამაც საშუალება მისცა აშშ-ს მთავრობას დაასანქციროს ის უცხოელი თანამდებობის პირები, რომლებიც დამნაშავენი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში, გაყინოს მათი აქტივები და აუკრძალოს აშშ-ში შესვლა.
შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა 2024 წლის 16 სექტემბერს სანქციები დაუწესა საქართველოს ოთხ მოქალაქეს: ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილი (შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი), მილერი ლაგაზაური („ხარებას“ მოადგილე), კონსტანტინე (კოკა) მორგოშია (ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „ალტ-ინფოს“ ლიდერი), ზურაბ მახარაძე (ასევე „ალტ-ინფოს“ ლიდერი).
გუშინ, 2024 წლის 19 დეკემბერს აშშ-მა, ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოს შს მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და „ხარებას“ კიდევ ერთ მოადგილეს, მირზა კეზევაძეს. საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თითოეულ პირს ფინანსური დანაკლისები სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუნაზღაურდებათ.
„ვინც ხალხზე ძალადობდა, ახლა ღირსების ორდენით უნდა რომ დააჯილდოონ“,- ამბობს „კომერსანტთან“ „საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე.
კეპულაძის თქმით, მაგნიტსკის სიიდან ჯერჯერობით არც ერთი ადამიანი არ ამოუწერიათ, შესაბამისად მისი პირობები უმკაცრესია.
„მაგნიცკის გლობალური აქტი არის სია, სადაც ხვდებიან მოხელეები უფლებების გამორჩეული დარღვევის გამო. გუშინდელ სიაში, რომელშიც გომელაური და შსს- მაღალჩინოსნები მოხვდნენ, მათ გვარებთან ერთად მოხსენიებული არიან იემენელი ჰუსიტები და ტერორისტული ორგანიზაციების წევრები, რაც ცხადია, ქვეყნის სირცხვილია.
მაგნიცკის სია საკმაოდ მკაცრი სასანქციო სიაა, არ მახსენდება შემთხვევა ვინმე ამ სიიდან ამოსულიყოს. როგორც წესი ამ სიაში მოხვედრილი პირები თავიანთ დანაშაულებრივ საქმიანობას აგრძელებენ.
საოცრად ცინიკური დამოკიდებულებაა შექმნილი ამ ფაქტისადმი, არა მხოლოდ სანქციებზე, არამედ ხალხის წინაშეც - ვინც ძალადობდა მათზე, ახლა ღირსების ორდენით უნდა რომ დააჯილდოონ; თანაც ვიცე-პრემიერად აწინაურებს“,- ამბობს გიორგი კეპულაძე.
მისი შეფასებით, სანქცირებული პირები ფინანსურად „კეთროვნები“ არიან.
„რეჟიმი გვეუბნება, რომ ის ამ ადამიანებზე დგას- ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან აუნაზღაურებს ფინანსურ ზიანს, რომელიც მათ მიადგებათ. თუ სანქცირებულია, პირი უნდა მოიშორო და მოხსნა. ჩვენ კარგად ვიცით, რამდენ ხანს ამზადებდა ამას აშშ, ეს არ არის ცხელ გონებაზე მიღებული გადაწყვეტილება.
„ქართული ოცნების“ სანქცირებული მაღალჩინოსნები არიან კეთროვნები, როგორც ფინანსურ ის პოლიტიკურ ასპარეზზე. სანქცია ზუსტად იმისთვის, არის რომ ვიღაცამ გადაიხადოს იმის საფასური, რაც დააშავა“,- აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.