მთავრობის განკარგულებით, საჯარო სამსახურის ბიუროსთვის ქვეყნის ბიუჯეტში გათვალისწინებულ 2 340 100 ლარს მთავრობის ადმინისტრაცია დახარჯავს.

მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტროს დაევალა მთავრობის სარეზერვო ფონდის 2 340 100 ლარით გაზრდა და ფონდიდან ამ ოდენობის თანხის მთავრობის ადმინისტრაციისთვის გამოყოფა.

„2025 წლის 1-ლი აპრილიდან ლიკვიდირებულ იქნა სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურო და მისი ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას; ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიენიჭა საჯარო სამსახურის ბიუროს განკარგულებაში არსებული, „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება“ – წერია განკარგულებაში.

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციაზე ინფორმაცია მიმდინარე წლის თებერვალში ბიუროს თანამშრომლებმა გაავრცელეს. ისინი ამბობდნენ, რომ იმ დროისთვის მათ ამის შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ ჰქონდათ მიღებული.

ბიუროს თანამშრომლები მიიჩნევდნენ, რომ ბიუროს ლიკვიდაცია საჯარო სექტორში „ქართული ოცნების“ მხრიდან კრიტიკული აზრის ჩახშობაზე ორიენტირებული რეპრესიული პოლიტიკის ნაწილი იყო.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, ბიუროს გაუქმების გადაწყვეტილება საჯარო სამსახურის სისტემაში პარტიული ინტერესების გაძლიერებას ემსახურება და აგრძელებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიისა და განსხვავებული აზრის დევნის პროცესს.

წყარო: "ბათუმელები"