დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო კომუნიკაციის შემდეგ და შეიძლება, გარკვეული დამატებითი ზომების მიღების შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამას ერთობლივად შევუქმნით ისეთ პირობას, რომ ის აღდგეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავალუტო ფონდი ქვეყანაში კვლავაც იყოს , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

როგორც თურნავამ განაცხადა, აღნიშნულ თემაზე კომუნიკაცია კვლავ შედგება და იმედს გამოთქვამს, რომ პრობლემა აღმოიფხვრება.

„ცხადია, კითხვები იყო. შეიძლება სანქციების აღსრულების ნაწილი მათი კომპეტენცია არ არის, მაგრამ მათ [სავალუტო ფონდს] მთავარი კითხვა გაუჩნდათ, საფინანსო სისტემას, მის მდგრადობას რამე ხომ არ ემუქრება. ამ თემაზე ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და კიდევ გვექნება. ჩვენ შეხვედრები გვექნება, გვაქვს მათთან მიწერ-მოწერა. ჩვენ კონკრეტული წინადადებებით შევხვდებით და კიდევ უფრო მეტ განმარტებას გავაკეთებთ. ყოფილა ხოლმე წინა პერიოდებში შემთხვევები, როდესაც სავალუტო ფონდს კითხვები გასჩენია, პაუზა აუღია იმისთვის, რომ [საკითხი] გადაეხედა და მეტად შეესწავლა, შემდეგ რაღაცა კონსენსუსამდე მივსულვართ. ჩვენ ღია ვართ, თუ რამე წინადადება ექნებათ, რომ კიდევ რამე გავაუმჯობესოთ, ან რაღაცა დამატებითი ზომა გავატაროთ, რომ საფინანსო სექტორის მდგრადობას კიდევ მეტად შევუწყოთ ხელი, ეს განვიხილოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადრეც მომხდარა, დარწმუნებული ვარ აღმოიფხვრება“, - განაცხადა თურნავამ.