საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონკურენციისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული განსხვავებული მიდგომისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რაც ქვეყნის ფინანსური სექტორის განვითარების და რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების ამბიციას კიდევ ერთხელ ადასტურებს, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ.

 

მისი თქმით, აღნიშნული ჯილდო საქართველოს ეროვნული ბანკის განსხვავებული მიდგომის საერთაშორისო აღიარებაა, რომელიც კონკურენციისა და ინოვაციების ხელშეწყობას ეფუძნება.

 

„როგორც წესი, ისეთ კონცენტრირებულ ბაზრებზე, როგორიც საქართველოს საბანკო სისტემაა, სხვა ქვეყნის რეგულატორები უფრო უხეში ინტერვენციების მექანიზმებს იყენებენ, ჩვენ კი პირველადი ხელშესახები შედეგები ე.წ. არაქირურგიული მეთოდებით მივიღეთ“- აღნიშნა ვარლამ ებანოიძემ.

 

მისივე შეფასებით, ამ შედეგების მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეგულირების ლაბორატორიამ (Regulatory Sandbox), რომელიც ახალ კომპანიებს ტექნოლოგიების რეალურ გარემოში გამოცდის შესაძლებლობას აძლევს, ასევე ღია ბანკინგის ინფრასტრუქტურამ, რომელმაც გადახდებისა და მონაცემთა გაცვლის ალტერნატიული მექანიზმები შექმნა.

 

ვარლამ ებანოიძის განცხადებით, ამ ინსტრუმენტების ერთობლიობამ ბაზარზე ახალი მოთამაშეების დამკვიდრებას შეუწყო ხელი. მისი თქმით, ფინტექ კომპანიებმა შეძლეს ონლაინ კონვერტაციისა და QR-გადახდების მიმართულებით ოპერირების დაწყება, ხოლო მცირე ბანკებმა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებლების მოზიდვის დამატებითი შესაძლებლობები მიიღეს.

 

„ყოველივე ეს ნამდვილად საქართველოს ეროვნულ ბანკს ინოვაციების ავანგარდში აყენებს არა მარტო რეგიონში, არამედ რეგიონს მიღმა და საქმით ამტკიცებს ჩვენს ამბიციებს რეგიონალურ ჰაბთან მიმართებაში“, დასძინა ვარლამ ებანოიძემ.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Banking & Finance Review-ის მიერ ორგანიზებულ Global Banking & Finance Awards® 2026-ზე გაიმარჯვა ნომინაციაში „Excellence in Innovation - Open Banking & Regulatory Sandbox Ecosystem Georgia 2026“. აღნიშნული ჯილდო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინოვაციების განვითარების, ღია ბანკინგის ეკოსისტემის ჩამოყალიბებისა და რეგულირების ლაბორატორიის (Regulatory Sandbox) განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივების საერთაშორისო აღიარებაა.

 

ინფორმაციას სებ – ი ავრცელებს