საქართველოს პარლამენტს "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები შეაქვს. კანონპროექტი საპენსიო ფონდის მიერ დაჯარიმებული დამსაქმებლებისთვის ამნისტიას ითვალისწინებს, თუ ისინი მიმდინარე წლის ბოლომდე დასაქმებულის საპენსიო შენატანსა და დავალიანებას სრულად გადაიხდიან.

"საკანონმდებლო პაკეტი გულისხმობს 2025 წლის 1 მაისის შემდგომ საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელების - ჯარიმებისგან დამსაქმებელთა პირობადადებულ გათავისუფლებას, თუკი აღნიშნული დამსაქმებლები უზრუნველყოფენ საპენსიო შენატანებისა და საურავების სრულად განხორციელებას არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა" . - წერია კანონპროექტში.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის,  პაატა კვიჟინაძის თქმით, ჩამოიწერება, დაახლოებით, 43 მილიონის ჯარიმა, რომელიც ჯამურად 13 500 მეწარმეს აქვს დაკისრებული.

გარდა ამისა, კანონპროექტით, მცირდება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობაც. მისი ოდენობა როგორც პირველი დარღვევის, ასევე განმეორებით შემთხვევებშიც 500 და 1 000 ლარის ნაცვლად, 300 ლარი იქნება.

ინიცირებული ცვლილებებით, შეიქმნება საპენსიო ფონდის დამოუკიდებელი ერთეული - დავების განხილვის სამსახური, რომელიც საპენსიო სააგენტოსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს განიხილავს.

"შეიქმნება საპენსიო ფონდის დამოუკიდებელი ერთეული - დავების განხილვის სამსახური. თუ მეწარმესა და საპენსიო სააგენტოს დავა აქვთ, შეიძლება, ეს საკითხი სწორედ დავების საბჭომ განიხილოს და სასამართლომდე გადაწყვიტოს. ასევე, დავების საბჭოს უფლება ეძლევა, თუ მეწარმე მაინც დაჯარიმდა, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამ ჯარიმის გადახდა 18 თვეზე გაუნაწილოს". - თქვა კვიჟინაძემ კანონპროექტის წარდგენის დროს.

მისივე განცხადებით, როცა მეწარმეს დაჯარიმებასთან დაკავშირებით შეტყობინება მიუვა, მას შესაძლებლობა ექნება, ეს დავების საბჭოში გაასაჩივროს და სანამ ეს ორგანო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ეს ჯარიმა შეჩერებული იქნება.

"იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის დაკისრებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში, დამსაქმებელი სრულად უზრუნველყოფს განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული მონაწილის მიუღებელი სარგებლის გადახდას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მასზე დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების ამავე პუნქტით დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი კარგავს ამ პუნქტით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის უფლებას". - წერია კანონპროექტში.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. მას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირეს. კანონპროექტის საბოლოო მიღება 16 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე იგეგმება.