საქართველოს საბანკო სექტორში ორი ბანკის მაღალი კონცენტრაციის საკითხი და ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლის აუცილებლობა კვლავ აქტუალური გახდა.

პარლამენტში „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ კანონებში ცვლილებების განხილვისას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის საფინანსო სექტორის დაახლოებით 75-80% ორ ბანკს უჭირავს და ხელისუფლების მიზანია, ბაზარზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ. დეპუტატის თქმით, ახალი საერთაშორისო ბანკების შემოსვლა და ჯანსაღი კონკურენციის ზრდა მომხმარებლებს უფრო ხელსაყრელი საბანკო საპროცენტო პირობების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

„დღეს ჩვენი გამოწვევაა, რომ საფინანსო სექტორის დაახლოებით 75-80% ორ ბანკს უჭირავს - პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტით გვინდა, რომ საფინანსო ბაზარზე ახალი ბანკები და მაღალი კონკურენცია გაჩნდეს! რაც უფრო მაღალი და ჯანსაღია კონკურენცია, ჩვენი მომხმარებელი საუკეთესო საბანკო პროცენტს მიიღებს“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

ბიზნესკონსულტანტი ლევან კობერიძე "კომერსანტთან" ამბობს, რომ ორი ბანკის მაღალი დომინირება არა მხოლოდ გამოწვევაა, არამედ დაბრკოლებაა როგორც სექტორისთვის, ისე ეკონომიკისა და მოსახლეობისთვის.

მისი თქმით, ორი ბანკი იმდენად არის შეჭრილი არაპროფილურ, არასაბანკო სექტორებში, რომ კონკურენციას არა მხოლოდ საბანკო, არამედ არასაბანკო სექტორშიც აფერხებს.

"არა მხოლოდ გამოწვევაა, არამედ ასეთი კონფიგურაცია საბანკო სექტორის, ეკონომიკის და საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის გზაზე დიდი დაბრკოლებაა. მეტიც, ამ ორი ბანკი იმდენად არის შეჭრილი არაპროფილურ, არასაბანკო სექტორებში, რომ კონკურენციას არა მხოლოდ საბანკო, არამედ არასაბანკო სექტორშიც აფერხებს. ესეთი ტიპის და უფრო მკვეთრი კანონებიც კი სასწრაფოდ უნდა შეიმუშავოს პარლამენტმა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ყველაზე ეფექტური რაც პარლამენტს შეუძლია ამ ორი ბანკის დომინაციის გასანეიტრალებლად ეს არის კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა სწორი საკანონმდებლო ინიციატივებით", - ამბობს ლევან კობერიძე.