საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს სუბირ ლალს შეხვდა – ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს.

„მხარეებმა რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრის (CCAMTAC) მმართველი კომიტეტის ყოველწლიურ შეხვედრას, რომელსაც თავმჯდომარე ქვეყნის რანგში წელს საქართველო მასპინძლობს.

როგორც სუბირ ლალმა აღნიშნა, ეს მეტად მნიშვნელოვანი ყოველწლიური შეხვედრაა და მოხარულია, რომ წელს სწორედ საქართველოა CCAMTAC-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. მისივე თქმით, CCAMTAC-ი სსფ-ისთვის კავკასიის, ცენტრალური აზიის და მონღოლეთის რეგიონთან ჩართულობის მნიშვნელოვანი საყრდენია.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის უწყვეტი მხარდაჭერის მნიშვნელობას. ნათია თურნავას თქმით, სებ-ი მიესალმება ბაზრის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობას და რეგიონში პროფესიონალების წახალისებას. ამ მიზნით შექმნილი ცენტრალიზებული პლატფორმა - საგანმანათლებლო სივრცის პროექტიც ამის ნათელი დადასტურებაა.

შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს ცენტრის საქმიანობა და მომავალი წლის სამუშაო პროგრამა განიხილეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე და სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი.

CCAMTAC სსფ-სა და ცხრა წევრი ქვეყნის - აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი -  ერთობლივ პროექტია, რომლის ძირითადი საქმიანობა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისკენაა მიმართული“ – ნათქვამია ინფორმაციაში.