ეროვნულმა ბანკმა მწვანე, სოციალური, მდგრადობისა და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და გაუქმების წესი დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან შევა. ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს კერძო კაპიტალის მდგრადი ინვესტიციებისკენ მიმართვას. ასევე, უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი, სოციალური და სხვა მდგრადი განვითარების მიზნობრიობის მქონე ფინანსური პროდუქტების მეტ გამჭვირვალობას.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას GREDA-ს იურისტი ლევან კოკაია განმარტავს, რომ ეს იქნება უპრეცედენტოდ ახალი აქტი საქართველოს კაპიტალის ბაზრებისა და განახლებადი ენერგიის სექტორისთვის.
„განახლებად ენერგეტიკასთან ეს ყველაფერი იმ კავშირშია, რომ თითოეული ამ აქტის დანართად წარმოდგენილია ძირითადად ე.წ. მწვანე ტაქსონომია და ე.წ. სოციალური ტაქსონომია.
მწვანე ობლიგაცია წარმოადგენს იმ ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც განახლებადი ენერგიის თითოეული წყაროსთვის გრძელვადიან კაპიტალთან იქნება მიბმული და დაკავშირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა არის ის, რომ მე პირადად მაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს კაპიტალის ბაზრების ლიკვიდურობის ხარისხი გარკვეულწილად მაინც გაიზრდება. პარალელურად, ვიცით, რომ საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის მდიდარი და აუთვისებელი პოტენციალის მიმართ არსებობს ძალიან მაღალი ინტერესი. შესაბამისად, ემიტენტებს გაუჩნდებათ ფინანსური სახსრების მოძიების ალტერნატიული წყაროები, აღარ იქნებიან დამოკიდებულნი კომერციულ საბანკო პროდუქტებზე და თუნდაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე. შესაბამისად, საუკეთესო ოპტიმისტური სცენარის განვითარების შემთხვევაში, ერთი პროცესი მეორე პროცესს წაახალისებს. თუ გაიზრდება კაპიტალის ბაზრების ლიკვიდურობის ხარისხი, შესაბამისად გაიზრდება ინტერესი, რომ ობლიგაციებითაც მოხდეს დამატებითი ფინანსური სახსრების მოძიება“, - განმარტავს ლევან კოკაია.