საქართველოს მთავრობა საპენსიო სააგენტოს სახელს შეუცვლის და საინვესტიციო საბჭოს გააუქმებს. კანონპროექტის, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა, მიღების შემთხვევაში, საპენსიო სააგენტოს სახელი საპენსიო ფონდი იქნება.

ამავე კანონპროექტით მთავრობა გეგმავს, რომ მის დაქვემდებარებაში გადაიყვანოს საქართველოს საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურის დანიშვნის საკითხი, ამიტომაც უქმდება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო. საბჭო, ამჟამად 4 წევრისგან არის დაკომპლექტებული და იღებს გადაწყვეტილებას საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებით.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ჩაანაცვლებს 15 წევრისგან დაკომპლექტებული საპენსიო ფონდის საბჭო, რომლის 2 წევრს პირდაპირ საქართველოს მთავრობა დანიშნავს. ახალი საბჭო პასუხისმგებელი იქნება ფონდის მიერ როგორც ფონდის მენეჯმენტზე, ასევე აქტივების ინვესტირების პროცესზე, განსხვავებით არსებული სისტემისგან, როდესაც საინვესტიციო საბჭო უშუალოდ ინვესტირების პროცესზე არის პასუხისმგებელი. ამასთან რადიკალურად მცირდება ახალი საბჭოს დაკომპლექტებაში პარლამენტის წვლილი და ის ფაქტობრივად მთლიანად მთავრობის მხარეს გადადის.

კანონპროექტის მიხედვით, იცვლება სხვადასხვა საპენსიო აქტივში ინვესტირების ლიმიტები და ფონდს პირდაპირ მიეცემა სხვადასხვა აქტივში ინვესტირების შესაძლებლობა, რაც ფონდის მიერ შეიძლება იყოს რაიმე მსხვილი პროექტის დაფინანსება ან პირდაპირი კრედიტის გაცემა.