საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის მიხედვით, 2024 წლის I კვარტალში გამოკითხული კომპანიების 86%-ის მოლოდინია, რომ მომდევნო 6 თვეში ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით არ შეიცვლება, გამყარების მოლოდინი 10%-ს აქვს, გაუფასურებას კი მხოლოდ 4% ელის.

I კვარტალში, 2023 წლის IV კვარტალთან შედარებით, 26 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ კომპანიების წილი, რომლებსაც დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურების მოლოდინი აქვთ. საპირისპიროდ, 26 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც მომდევნო 6 თვეში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას არ ელიან.

2024 წლის I კვარტალში, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ერთ-ერთ ფაქტორად სახელდება (20%). სექტორებიდან კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად მშენებლობის კომპანიებისთვის (67%-მა დაასახელა) წარმოადგენს ხელის შემშლელს, ყველაზე ნაკლებად კი მომსახურების სექტორისთვის (4%).