საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის მიხედვით, 2024 წლის I კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია: სპეციალისტების ნაკლებობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბა­რიერები, სამუშაო ძალის ნაკლებობა, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა და მოთხოვნის სიმცირე.

2024 წლის I კვარტალში სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერზე გამოკითხული კომპანიების 50%-მა მიუთითა.

რაც შეეხება აღნიშნული ბარიერის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორებს, წინა პერიოდების მსგავსად, კომპანიათა უმეტესობამ ყველაზე მნიშვნელოვან ბარიერად, რაც მათ ბიზნესსაქმიანობას ხელს უშლის მარეგულირებელი გარემო მიიჩნია. აღნიშნული ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორ (100%) აწუხებს, ყველაზე ნაკლებად კი მრეწველობის სექტორს (50%).

სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს შორის, მეორე ადგილს ადმინისტრაციული საკითხები იკავებს. აღნიშნული ფაქტორი სექტორებს შორის ყველაზე მწვავედ მშენებლობაში დაფიქსირდა (67%), ხოლო ყველაზე ნაკლებად ვაჭრობის სექტორში (38%).

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, აღნიშნული ფაქტორი ხელის შემშლელად ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა (67%), ხოლო ყველაზე ნაკლებად ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორში (25%).

წინა კვარტალთან შედარებით, გაზრდილია იმ კომპანიათა წილი, რომელიც მარეგულირებელ გარემოს ხელის შემშლელად (5 პროცენტული პუნქტით) ასახელებდა, ხოლო შემცირებულია იმ კომპანიათა წილი, რომელიც სასამართლო სისტემასა და ადმინისტრაციულ საკითხებს ხელის შემშლელ ფაქტორებად მიიჩნევდა (შესაბამისად 15 და 16 პროცენტული პუნქტით).