2024 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 7,03 ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 3,8%-იანი, ხოლო 2023 წლის დეკემბერთან შედარებით შესამჩნევი – 8,4%-იანი ზრდაა, - ამის შესახებ კვლევას ISET აქვეყნებს.
ორგანიზაციის მტკიცებით, ტრადიციულად, სადღესასწაულო სეზონის დროს, რომელსაც საშობაო და საახალწლო სუფრების მზადებით გამოწვეული მოთხოვნის ზრდა ახასიათებს, ინდექსმა თვიურ ჭრილში ზრდა აჩვენა. კვლევის მიხედვით, 2024 წლის დეკემბერში ყველის ფასი წინა თვესთან შედარებით 8.8%-ით გაიზარდა, ხოლო დანარჩენი ინგრედიენტების ფასებზე უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა.
"წლიურ ჭრილში, ხაჭაპურის ინდექსმა აჩვენა ფასების ზრდა ყველა ინგრედიენტზე, გარდა კვერცხისა, რომლის ღირებულებაც 8.4%-ით შემცირდა. ყველაზე მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა ყველის ფასზე (+12.3%), რომელსაც მოჰყვება კარაქი (+11.3%), საფუარი (+9.3%), რძე (+8.9%) და ფქვილი (+3%).
2015-2024 წლების მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ 2024 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება თითქმის გაორმაგდა და 3.77-დან 7.03 ლარამდე გაიზარდა. აღნიშნულ ათწლეულში დეკემბრის ფასებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2016 წელს დაფიქსირდა (3.61 ლარი). 2024 წლის დეკემბრის ხაჭაპურის ინდექსმა რეკორდი დაამყარა და 0.6%-ით გადააჭარბა 2022 წლის დეკემბერში დაფიქსირებულ პიკს – 6.99 ლარს.
2022 წლის პიკი განპირობებული იყო წლის განმავლობაში მიმდინარე განსაკუთრებული გარემოებებით, უკრაინის ომის შედეგად ინგრედიენტების ფასების მკვეთრი ზრდით. შესაბამისად, 2023 წლის კლების შემდეგ, ხაჭაპურის ინდექსმა 2024 წლის დეკემბერში განაახლა აღმავალი ტენდენცია და მიაღწია ახალ რეკორდულ მაჩვენებელს," - იუწყება ISET-ი.
ინფორმაციისთვის, ხაჭაპურს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2019 წელს მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარული, იმერული, მეგრული და ფენოვანი ხაჭაპურის მირთმევისას, ფაქტობრივად, საქართველოს კულტურულ მემკვიდროებას ვაგემოვნებთ და უნდა ვიცოდეთ, რომ ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ქართული კულინარიული კულტურის სავიზიტო ბარათია.
შეგახსენებთ, ხაჭაპურის ინდექსის მსგავსად, იტალიაში ითვლიან პიცის ინდექსს. პიცისა და ხაჭაპურის “ნათესაობაზე” BBC ჯერ კიდევ 2017 წელს წერდა.
ცნობისთვის, ხაჭაპურის და პიცის ინდექსები ბიგ მაკის ინდექსის ინსპირაციაა. ბიგ მაკის ინდექსი ვალუტის მსიყიდევლობითი უნარის გამარტივებულ მოდელს წარმოადგენს, რომელშიც მხოლოდ ერთი პროდუქტი მონაწილეობს. ბიგ მაკის ინდექსის გამოყენებით შესაძლებელია ვალუტებს შორის არსებული პირობითი დამოკიდებულებების განსაზღვრა. ბიგ მაკის ინდექსის გამოთვლის მეორე მეთოდიც არსებობს, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე შეფარდების მონაცემს ადარებს ბიგ მაკის ფასს. ბიგ მაკი მსოფლიოს მასშტაბით სტანდარტიზებული პროდუქტია, ის 121 ქვეყანაში 35 000-ზე მეტ McDonald’s-ის სწრაფი კვების რესტორანში იყიდება. თუმცა არსებობს გამონაკლისიც – ინდოეთში რელიგიური მიზეზების გამო ბიგ მაკი არ იყიდება, ამიტომ ინდექსის გამოთვლისას იყენებენ ფრინველის ბურგერს მაჰარაჯა მაკს. The Economist-ი ბიგ მაკის ინდექსს 1986 წლიდან აქვეყნებს.
იმისთვის, რომ გაიგოთ ყველაფერი ქართულ ხაჭაპურზე, იკითხეთ კომერსანტი