ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს წილი 13.5%-ს შეადგენს, რაც 1.014 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარულ ოქროს უტოლდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის ცნობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წლიურ ჭრილში დაახლოებით 50%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს — 7.53 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. მხოლოდ ივლისში კი საერთაშორისო რეზერვები 404.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, 2026 წლის ივნისში სებ-მა საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა.

„2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 13.5%-ს (1 მილიარდ 014 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს“, — აცხადებენ სებ-ში.

მარეგულირებლის ინფორმაციით, 2024 წელს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაცია განახორციელა და ოქროში პირველი ინვესტიციები განახორციელა. სებ-ის შეფასებით, ეს სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო.

ეროვნული ბანკის ცნობით, მას შემდეგ ოქროს აქტივის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობის ზრდასაც შეუწყო ხელი.