პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც საქართველოში მოქმედ საელჩოებს, საკონსულოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ეხება, 8 აპრილის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს.
საკითხი დაჩქარებული წესით განხილვის პროცედურით არის ინიცირებული.
ცვლილებების თანახმად, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
„მიზანშეწონილია, რომ გრანტის გამცემი სუბიექტი დაზუსტდეს და გრანტად არ იქნეს მიჩნეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს და უკავშირდება უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას.
კანონის მოქმედი რედაქცია აღნიშნულ ურთიერთობაზე არც ვრცელდება, მაგრამ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის ერთგვაროვანი წაკითხვა, შესაბამისი დაზუსტება მიზანშეწონილია“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.