მსურს, რომ საარჩევნო პერიოდში პრემიერ-მინისტრს რამდენადაც შემიძლია დავეხმარო, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„როგორც ვიცი, ერთ კვირაში უნგრეთის შემდეგი პრემიერ-მინისტრის ასარჩევად არჩევნები გაიმართება. რა თქმა უნდა, არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ უნგრელი ხალხი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მოუსმენს. ეს ჩემი აქ ყოფნის მთავარი მიზეზი არ არის. მაგრამ, მსურს სიგნალი გავუგზავნო ყველას, პირველ რიგში ბრიუსელში არსებულ ბიუროკრატებს, რომლებიც ცდილობენ უნგრელი ხალხი დაჩაგრონ, რადგან მათ არ მოსწონთ ლიდერი, რომელიც უნგრელ ხალხს იცავს“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
ვენსმა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების მიზნით ვიქტორ ორბანის მიერ გაწეული სამუშაო შეაქო.
მისი თქმით, ორბანი და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „ის ლიდერები არიან, რომლებიც ამ დამანგრეველი კონფლიქტის დასასრულებლად ყველაზე მეტს აკეთებენ“.
„თქვენი ლიდერობა მშვიდობის მიღწევისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და თქვენ გაცილებით კონსტრუქციული პარტნიორი ხართ, ვიდრე თითქმის ყველა სხვა ნებისმიერი მსოფლიოს სხვა წერტილში“, - მიმართა ვენსმა ორბანს.
ვენსის განცხადებით, ბრიუსელში არსებული ბიუროკრატები უნგრეთის არჩევნებში უცხოური ჩარევის მაგალითს წარმოადგენენ.
„ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მაგალითია, რაც მე მინახავს, ბრიუსელში არსებული ბიუროკრატების მიერ, რომლებიც უნგრეთის ეკონომიკის განადგურებას ცდილობენ. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ეს ადამიანი [ორბანი] სძულთ. მე არ ვეტყვი უნგრელ ხალხს, თუ ვის უნდა მისცეს ხმა. ბრიუსელში არსებულ ბიუროკრატებს მოვუწოდებ, რომ იგივე გააკეთონ“, - განაცხადა ვენსმა.
ასევე, მისი თქმით, აშშ-მა იცის, რომ „უკრაინის სადაზვერვო სამსახურებში არიან ელემენტები, რომლებიც ამერიკისა და უნგრეთის არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ“.
„ეს უბრალოდ არის ის, რასაც ისინი აკეთებენ. უკრაინის სისტემაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ დემოკრატებთან ერთად საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდნენ“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა აშშ უნგრეთის სხვა მთავრობასთან, ვენსმა უპასუხა, რომ დიახ, თუმცა დარწმუნებულია, რომ არჩევნებში ვიქტორ ორბანი გაიმარჯვებს.
„უნგრეთში შემდეგ არჩევნებს ვიქტორ ორბანი მოიგებს. ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.